საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომელიც მეტწილად აუქმებს სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათს. საუბარია შეღავათზე, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის შესაძლებელს ხდის დაიბეგრონ მხოლოდ 1%-ით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის გადასახადები შევა და ის 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
საქმე ეხება მშენებლობის სექტორში მცირე მეწარმის სტატუსს, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ამ სტატუსს ანიჭებენ კომპანიაში დასაქმებულ მუშებს, რომლებიც არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობენ და აწვდიან სერვისს კომპანიებს და შედეგად 20%-ის ნაცვლად 1%-ით იბეგრებიან.
მამუკა ბარათაშვილის თქმით, კომპანიები მუშებს სისტემურად არეგსტრირებენ მცირე მეწარმეებად, რათა არ გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადი და მის ნაცვლად მხოლოდ 1%-იანი დაბეგვრით ისარგებლონ, რასთან დაკავშირებითაც შემოსავლების სამსახურს უკვე არაერთი დავა აქვს დაწყებული.
მამუკა ბარათაშვილის განცხადებით სამნშენებლო სექტორში მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრებიან ნებისმიერ ხელშეკრულებაში, რომელთაც გააფორმებენ კომპანიებთან და მეწარმე იურიდიულ პირებთან, მათთვის შეღავათი შენარჩუნდება მხოლოდ მაშინ თუკი კონტრაქტს გააფორმებენ სხვა ფიზიკურ პირთან, რომელიც მეწარმის სტატუსს არ ატარებს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით ცვლილება უნდა შევიდეს სპეციალური დაბეგვრის შესახებ ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში, რასაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანხმობა ესაჭიროება.
აღნიშნულ ინიციატივას ქართული ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში დეპუტატთა მხრიდან კითხვები მოჰყვა. ოცნების წევრის ბეჟან წაქაძის განცხადებით 1 იანვრამდე სულ 2 კვირაა დარჩენილი, რა დროშიც ბიზნესები გადალაგებას ვერ მოახერხებენ, დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის თქმით კი ეს ცვლილება საბოლოოდ მშენებლობის გაძვირებას გამოიწვევს.
ვადის ცვლილებას მიემხრო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძეც, რომელმაც განაცხადა რომ უმჯობესია თუკი ის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
"რთულია ზღვრის გავლება დაქირავებით მუშაობასა და მცირე მეწარმეობს შორის. არისბ შემთხვევები როდესაც რეგისტრირდებიან როგორც მცირე მეწარმეები და ასრულებენ სერვისის მიწოდებას, აქედან გამომდინარე ფართოდ არის დამკვირდებული გადასახადისგან თავის არიდებისთვის. ვაკვირდებით საგადასახადო დავებს და უამრავი საგადასახადო დავაა ამ მიმართულებით, როდესაც არასწორ კლასიფიკაციას აძლევს დამქირავებელი დაქირავებულს, ანიჭებს მას მცირე მეწარმის სტატუსს და მიუხედავად იმისა, რომ ის არის დაქირავებული, ასრულებს საქმიანობას როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე და ამის შედეგად წარმოშობილია დავები და გართულებულია ადმინისტრირება. აქედან გამომდინარე ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად წარმოდგენილია აღნიშნული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამ სექტორში დასაქმებულ პირებს არ ეკრძალებათ საქმიანობა, თუმცა თუ ამ საქმიანობას განახორციელებენ დაიბეგრებიან ჩვეულებრივი რეჟიმით და გადაიხდიან ჩვეულებრივად როგორც იხდის მეწარმე.
მათ არ შეეზღუდებათ ფიზიკური პირების მომსახურება, აქ საუბარია გარიგებაზე, ორგანიზაციასთან, საწარმოსთან ან მეწარმე ფიზიკურ პირთან.
ასეთი ცვლილება კოდექსის თანახმად საჭიროებს საბიუჯეტო კომიტეტის მხარდაჭერას, შესაბამისად გთხოვთ მოიწონოთ ეს ცვლილება.
დანაკარგები ძალიან დიდია, ფაქტობრივად ყველა შემთხვევა სადავოა, 200 მილიონის დანაკარგზე არის საუბარი. იმ პირებისგან, რომლებიც იყვნენ დაქირავებულები და გადავიდნენ მცირე მეწარმეებად,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა.
"ამას დრო უნდა, თუ პირველ იანვარს უნდა ამოქმედდეს, უნდა მივცეთ ბიზნესებს გარკვეული შესაძლებლობა რომ გადაალაგონ ბიზნეს გეგმები, მე ვფიქრობ რომ ეს არ იქნება სწორი, რადგან ბიზნესი როგორც ვიცი არ არის ამის შესახებ გაფრთხილებული. აუცილებელია რომ ჩვენ ბიზნესის ინტერესები დავიცვათ, რათა მოემზადოს და გადალაგდეს,"- განაცხადა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ.
"დავუშვათ მშენებელმა გააფორმა ბატონი ბეჟანის კომპანიასთან საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, იმან ხომ ჩადო თავისი ხარჯის ნაწილში ეს 1%, ამან როგორ გახადოს ისევ 20%, ეს ხომ გაუძვირდება დამკვეთს და ბოლოს ყველა გაძვირება იქნება მყიდველის გადასახდელი,"- აცხადებს ანტონ ობოლაშვილი.
"1 თებერვლიდან რომ გაკეთდეს? დავაყენებ კენჭისყრაზე 1 თებერვლიდან, რადგან 1 იანვრიდან მეც ვთვლი რომ არასწორია, რადგან ბიზნესი ამ გადაწყობას 2 კვირაში ვერ იზამს,"- აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.
სხდომაზე საკითხს იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ ის 2025 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.