მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მამუკა ბახტაძის ჩარჩოდან გადის - 2028 წლამდე განათლებაზე მშპ-ის 6% არ დაიხარჯება

მამუკა ბახტაძე

“განათლება ეროვნული იდეა” - ეს იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველო განათლების სექტორის დაფინანსებაზე ყოველწლიურად მშპ-ის არანაკლებ 6%-ს დახარჯავდა.

აღნიშნული ვალდებულება 2019 წელს საკანონმდებლო ცვლილებითაც გამყარდა, თუმცა ამ სამიზნე მაჩვენებელზე გასვლა ვერცერთი ბოლო წლის განმავლობაში ვერ მოხდა. ამიტომაც, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მთავრობამ თან დაურთო საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ამ ვალდებულების ამოქმედებას 2024 წლამდე გადაავადებს. დღეს საქართველოს პარლამენტმა ამ ინიციატივას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

2024 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2.3 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, იმისთვის, რათა ამ მაჩვენებელმა მშპ-ის 6%-ს მიაღწიოს, კიდევ 2 მილიარდის დამატებაა საჭირო, რისი შესაძლებლობაც ამჟამად საქართველოს მთავრობას არ აქვს.

“მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 2023-2024 წლებში განათლების და მეცნიერების დაფინანსება ნაერთი ბიუჯეტიდან 1 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა, მიმდინარე წელს მშპ-სთან მიმართებით არსებული 3,3%-დან, 2024 წელს მშპ-ს 3,7%-ს შეადგენს და 6%-მდე ზრდისთვის დამატებით 2,0 მილიარდი ლარია საჭირო. რა თქმა უნდა მსგავსი მოცულობით ზრდა ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელია, ვინაიდან ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ყველა სხვა მიმართულების დაფინანსება, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს მოსახლეობაზეც და ქვეყნის ეკონომიკაზეც.

ამავდროულად აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, აღნიშნული ნორმის შემოღების შემდგომ არაერთი საკანონმდებლო ვალდებულება გახდა ბიუჯეტიდან დამატებით დასაფინანსებელი, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიმართება პენსიების ინდექსაციაზე, რისთვისაც ყოველწლიურად დამატებით მშპ-ს 0,5%-ის რესურსია საჭირო. ზოგადად, სოციალური ხარჯების მოცულობა მშპ-სთან მიმართებით, 2019 წელს არსებული 8,4%-დან 2024 წელს გაზრდილია მშპ-ს 9,1%-მდე.

2024 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განსაზღვრულია 8,4%-ის ოდენობით, ხოლო განათლების და მეცნიერების დაფინანსება იზრდება თითქმის 18%-ით. მომდევნო 4 წლის განმავლობაში განათლების და მეცნიერების ზრდის ამ ტემპის შენარჩუნებით შესაძლებელი იქნება 2028 წელს მიღწეულ იქნეს მისი დაფინანსება მშპ-ს 6%-ის ოდენობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს განათლების და მეცნიერების დაფინანსების მშპ-ს 6%-მდე დაფინანსების ვალდებულების გადავადებას 2028 წლამდე”, - წერს ფინანსთა სამინისტრო.

მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს განათლების შესახებ გაკეთებული დაპირება ძირითადად ფისკალური სახის იყო და დაფინანსების ზრდას შეეხებოდა. თუმცა უშუალოდ განათლების რა სფეროსა და საფეხურზე უნდა მიმართულიყო ეს გაზრდილი ბიუჯეტი არც მაშინ არ თქმულა და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არც ამჟამად არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები