მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობა მეუბნება, რომ თუ დაეზღვევი, დაკარგავ ყველაფერს, რაც სახელმწიფომ მოგცა“

6352888e29f15
ელენე გოგბერაშვილი
21.10.22 23:55
884
სადაზღვევო სექტორი დიდი ხანია ითხოვს, სახელმწიფომ დაუშვას ე.წ. შემავსებელი კერძო სადაზღვევო პროდუქტების შეძენა მათთვის, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარია. მოქმედი კანონით, თუ მოქალაქე, კერძო სადაზღვევო პროდუქტს შეიძენს, ის ავტომატურად ეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და საკუთარი ჯანმრთელობის რისკი მართვის გაუმჯობესების საშუალება არ აქვს.

არგუმენტი, თუ რატომ არ აძლევს მოქალაქეებს სახელმწიფო ამის შესაძლებლობას, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია.

„დღეს გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელშიც ჩართულია მოსახლეობის დაახლოებით 80%. ის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ მისი რისკი იყოს მართული კერძო სადაზღვევო კონტრაქტით, ის ავტომატურად კარგავს ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მას სახელმწიფომ მისცა. უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანის კეთილი ზრახვა, რომ გაიუმჯობესოს მისი ჯანმრთელობის რისკების მართვა, არის დასჯადი. სახელმწიფო ეუბნება ადამიანს, რომ თუ შენ დაეზღვევი, შენ დაკარგავ ყველაფერს იმას, რაც სახელმწიფომ მოგცა. ვფიქრობ, ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. სახელმწიფომ პირიქით უნდა შექმნას სტიმული, რომ ადამიანს ჰქონდეს უკეთესი ხელმისაწვდომობა, საკუთარი ჯანმრთელობის რისკების მართვაზე.

გაუგებარია, რატომ უნდა ამიკრძალოს სახელმწიფომ ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე და გავიუმჯობესო რისკების მართვა. რა არგუმენტაციით მეუბნებით, რომ თუ თქვენ დაეზღვევით, საყოველთაოს მონაწილე აღარ იქნებით?! ეს ჩემთვის რთულად გასაგებია", - განაცხადა bm.ge-სთან პსპ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა სოფო ლებანიძემ.

„თუ მწვავე არ ვიქნები, ვიტყვი, რომ დისკრიმინაციის შემცველიც არის, რადგან ყველა ეს ადამიანი არის ასევე გადასახადის გადამხდელი, ამ კუთხითაც აუცილებელია სადაზღვევო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობა. ე.წ. შემავსებელი პროდუქტებზე საუბრები პერიოდულად არის კონსულტაციების გზით, მაგრამ რეალურად ამ მხრივ ნაბიჯები არ იდგმება. სახელმწიფოსგან არგუმენტები არ გვაქვს“,- ამბობს BM.GE-სთან ეკა ერგემლიძე, „არდი დაზღვევის“ საოპერაციო დირექტორი.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაზღვევის “დაშენებული” ანუ “შემავსებელი” პაკეტები 2017 წლის გაზაფხულზე გააუქმა. იქამდე მოქალაქეებს შეეძლოთ ერთდროულად როგორც კერძო დაზღვევით, ასევე სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის სერვისით ესარგებლათ, რადგანაც არსებობდა სპეციალური შემავსებელი პაკეტები, თუმცა ჯერ კიდევ დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ბიუჯეტს არ უნდა მიეცა დაფინანსება მათთვის, ვინც კერძო დაზღვევასაც ფლობდა. ეს გადაწყვეტილება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის უკონტროლოდ გაზრდილი ხარჯების შეკავებას ემსახურებოდა.

მნიშვნელოვანია ფაქტია ის, რომ მსგავსი ფორმატის სადაზღვევო პაკეტების აღდგენას არამხოლოდ სადაზღვევო ინდუსტრია ითხოვს, არამედ ამაზე საუბარია კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ რეკომენდაციებშიც.

“საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფა - მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად, სასურველია, მომხმარებელს შეეძლოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შემავსებელი კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა - სულ მცირე, მედიკამენტების კომპონენტის ნაწილში,” - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები