მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა მიმართავს ყველა ზომას  იმისათვის, რომ ფასები შემცირდეს - ირაკლი კობახიძე

კობახიძე ქვრივიშვილი

ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ უზრუნველვყოთ მოსახლეობის უფრო მეტი კმაყოფილება და რა თქმა უნდა, ეს მიიღწევა ფასების შემცირებით, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში პროდუქტის ფასებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ბიზნესს სურს მეტი მოგების მიღება, მაგრამ შესაძლებელია ინტერესების დაბალანსება.

"რა თქმა უნდა, კონფლიქტი არსებობს, ვერავინ გაამტყუნებს ბიზნესს იმაში, რომ მას მეტი მოგების მიღება უნდა, მეტი მოგება კი მიიღწევა მაღალი ფასებით. ბუნებრივია, ბიზნესი არის აქეთკენ მიმართული, მაგრამ ვფიქრობ, ინტერესების დაბალანსებაა შესაძლებელი ისე, რომ ბიზნესმა მიიღოს რაციონალური მოგება და ეს მოხდეს ფასების შემცირების პარალელურად. იმედი გვაქვს, რომ ეს შედეგი მიიღწევა ამ პროცესის საფუძველზე,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბიზნესის თავისუფლება უნდა იყოს და იქნება დაცული.

„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბიზნესის თავისუფლება უნდა იყოს და იქნება დაცული. ბიზნესის სრულად თავისუფლად მოქმედებას აქვს თავისი პლიუსები - ის, რომ ქსელები ფართოვდება, დასაქმება იზრდება, ბიზნესის მოგება იზრდება, ეს საბოლოო ჯამში, ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სოციალური ამოცანა, რომ მოსახლეობის არა მხოლოდ ფართო ფენისთვის, არამედ, სრული მოცულობისთვის მივაღწიოთ ეფექტს - ეს არის ფასების შემცირება. ცალკე აღებულ ეკონომიკურ ზრდას არ აქვს ეფექტი, თუ ის არ აისახება მოსახლეობაზე, მოსახლეობის ჯიბეზე, “, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მიმართავს ყველა ზომას იმისათვის, რომ ფასები შემცირდეს.

„ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა პირველადი კვლევა და დავადგინეთ, რომ ფასნამატი არის ძალიან მაღალი - 86%, როგორც დისტრიბუტორების, ისე ქსელური მარკეტების დონეზე. ეს საბოლოო ჯამში, იწვევს იმას, რომ ევროპულ და ქართულ ფასებს შორის არის საკმაოდ სერიოზული სხვაობა. სხვადასხვა პროდუქტის შემთხვევაში ეს სხვაობა ზოგჯერ ორმაგია, ზოგჯერ სამმაგიც კი. 2006 წელს, როდესაც გერმანიიდან დავბრუნდი, იგივე პროდუქტებს, რასაც ვყიდულობდი გერმანიაში, საქართველოში აღარ ვყიდულობდი, იმიტომ, რომ ხშირად ორმაგი იყო სხვაობა ფასებს შორის. 20 წლის წინ ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობდა. ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს და მას სჭირდება გადაჭრა. ჩვენ მთავარია, სწორად ჩავეძიოთ თითოეულ საკითხს და ფასნამატის ჯაჭვი ზედმიწევნით შევისწავლოთ. ამისათვის უკვე დაწყებული გვაქვს შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა ქსელების წარმომადგენლებთან, ხვალ გვექნება შეხვედრა დისტრიბუტორებთან, ასევე ორშაბათს გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა ქართველ მწარმოებლებთან, ასევე შევხვდებით ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ მედიკამენტებზე ფასების შესწავლაც არის ჩვენი კომისიის ერთ-ერთი მანდატი. ბოლო შეხვედრა უკვე შედგება საწვავის რეალიზატორებთან. საწვავსაც მოიცავს ჩვენი საქმიანობა.

სპეციფიკა მსგავსია, განსაკუთრებით მედიკამენტებსა და სურსათს შორის, საწვავის შემთხვევაშიც იგივე პრინციპია, იმპორტი, დისტრიბუცია, შემდეგ რეალიზაცია. ერთი და იგივე ტიპის ჯაჭვი მოქმედებს, ამიტომ, გავაერთიანეთ ყველა ეს საკითხი და ერთიანად უნდა შევისწავლოთ ეს ფასნამატი სამივე პროდუქტის შემთხვევაში. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვფიქრობთ, რომ არის სივრცე ფასების შემცირებისთვის, მაღალი ფასნამატიდან გამომდინარე. ჩვენთვის მთავარია, დავადგინოთ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, ხომ არ არსებობს არასწორი პრაქტიკები დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ რეალიზაციის დონეზე, მაგალითად, როგორიც არის კარტელური გარიგებები. ერთი კონკრეტული პრეცედენტი იყო სულ ცოტა ხნის წინ - რამდენიმე მწარმოებელმა, ქართულმა კომპანიამ გადაწყვიტა და ერთდროულად, 25%-ით გაზარდეს ფასები კონკრეტულ პროდუქტზე. ეს რა თქმა უნდა, ქმნის აღქმას იმისა, რომ შედგა კარტელური გარიგება. ასეთი რაღაცები უნდა ავირიდოთ თავიდან. ვფიქრობთ, რომ ამის საფუძველს მოგვცემს ის კვლევა, რომელიც ჩატარდება ამ შეხვედრების საფუძველზე, მათ შორის, მოკვლევის, გამოძიების საფუძველზე. რაც მთავარია, უნდა ვიფიქროთ შესაბამისი მექანიზმების შემოღებაზეც, რაც არის აპრობირებული პრაქტიკა სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში. ეს არის ანტიმონოპოლიური მექანიზმები და სხვა. ყველა ფორმას მივმართავთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები