მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ძიუდოისტებს ფულად ჯილდოს გადასცემს

ძიუდოისტები

ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრებს მთავრობა ფულად ჯილდოს გადასცემს. "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში პირველი ადგილის დაკავებისთვის, ასევე საქართველოს ეროვნული (ქალთა და ვაჟთა შერეული) ნაკრების წევრებზე გაიცეს ფულადი პრიზი 102 ათასი ლარის ოდენობით.

ასევე ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში პირველი ადგილის დაკავებისთვის და საქართველოს ეროვნული (ქალთა და ვაჟთა შერეული) ნაკრების წევრებზე გაიცეს ფულადი პრიზი 170 000 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, მთავრობა გამარჯვებულებს დამატებით 98 ათას ლარს (ევროპის ჩემპიონატის შემთხვევაში) და 830 000 ლარს (მსოფლიო ჩემპიონატის შემთხვევაში) გადასცემს.

სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდო განკარგულების მიხედვით, სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-დან 27 აპრილის ჩათვლით გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები შერეულ წყვილთა თანრიგში ოქროს მედალოსანი გახდა, ხოლო ინდივიდუალურ თანრიგში ევროპის ჩემპიონები ილია სულამანიძე და გიორგი სარდალაშვილი გახდნენ. ვიცე-ჩემპიონის ტიტული კი ტატო გრიგალაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ერგოთ.

რაც შეეხება ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელსაც უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი 13-დან 20 ივნისამდე მასპინძლობდა ინდივიდუალურ თანრიგში მხოლოდ ერთი ქართველი ეთერ ლიპარტელიანი გახდა ჩემპიონი, ვერცხლის მედალს კი ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი დასჯერდნენ. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 90კგ კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში ქართველმა ფალავნებმა სამხრეთ კორეელი ძიუდოისტები დაამარცხეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები