მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა NGO სექტორისთვის ფონდს ქმნის - საგრანტო პროექტები ბიუჯეტიდან დაფინანსდება

პრემიერი

მთავრობა უცხოური გრანტების საპირწონედ გადასახადის გადამხდელების ფულით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას ქმნის. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველი საგრანტო პროგრამები მომავალი წლის 1 იანვრიდან დაფინანსდება.

"მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოური დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელების ფულით საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოეს ორი თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება. პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის.

„საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები