საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული სასესხო შეთანხმების მორიგ ცვლილებას. გადაწყვეტილების მიხედვით, „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამისთვის“ გამოყოფილი თანხების ათვისების ვადა, ნაცვლად 2025 წლის აგვისტოსი, 2028 წლის 31 მაისამდე გახანგრძლივდება.
ეს პროგრამის ვადების გადაწევის უკვე მეორე შემთხვევაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ვადების 33 თვით გადაწევა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:
- ჩაშლილი ტენდერები: ზოგიერთი ტენდერი დაბალი კონკურენციის გამო ჩაიშალა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა;
- ტექნიკური დავალებების ცვლილება: რიგ შემთხვევებში საჭირო გახდა ტექნიკური დავალებების კორექტირება, რამაც პროცესი შეაფერხა;
- ბიუროკრატიული ვადები: შესყიდვების პროცედურებმა (QCBS მეთოდი) დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ მოხერხდა სასესხო შეთანხმებით გამოყოფილი თანხების სრულად ათვისება და პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარე ვადებს გასცდა.
სასესხო შეთანხმება, რომელსაც ხელი 2019 წელს მოეწერა, ითვალისწინებს 13 550 000 ევროს გამოყოფას. ეს რესურსი ძირითადად უნდა მოხმარებოდა პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს, სოციალური და გარემოსდაცვითი გარემოებების შესწავლას, საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას.
სესხის ხანგრძლივობა 15 წელია, საპროცენტო განაკვეთი კი ცვლადია და 6-თვიან EURIBOR-ზეა დამოკიდებული (2026 წლის თებერვლის მონაცემებით, განაკვეთი დაახლოებით 2.65%-ს შეადგენს).
პროგრამის ფარგლებში რამდენიმე უწყებაა ჩართული, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტრო (მუნიციპალური განვითარების ფონდისა და წყალმომარაგების კომპანიის მეშვეობით), თბილისის მერია (თბილისის განვითარების ფონდის მეშვეობით), ეკონომიკის სამინისტრო (სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მეშვეობით).
წარმოდგენილი ცვლილებით, გარდა ვადების გაგრძელებისა, დოკუმენტში ტექნიკური ცვლილებაც შევიდა „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“ ჩანაცვლდა დასახელებით „ინფრასტრუქტურის სამინისტრო“. [უწყებების გაყოფის გამო].




























