მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ კანონში საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულირების საჭიროება იმითაა დასაბუთებული, რომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ადგილობრივ ბაზარზე ფიქსირდება პროდუქციის ფასების არასტაბილურობა და რიგ შემთხვევაში, მაღალი ფასნამატი. დოკუმენტს ახლავს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის შედეგებიც, რომლის თანახმადაც აღინიშნებოდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასნამატი მნიშვნელოვნად აღემატებოდა 100%-ს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა იყო მოთხოვნილი და მიმდინარე სასესიო პერიოდში უნდა მიეღოთ, თუმცა 15 ივნისის ბიუროს სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა მისი სექტემბრისთვის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რასაც ბიურომ მხარი დაუჭირა: "ითვალისწინებს პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზრის რეგულირებას და მნიშვნელოვანი ინიციატივაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამოქმედება სექტემბრისთვის არის გამიზნული, ჩვენი შუამდგომლობა იქნება, რომ სასექტემბრო სესიისთვის გადავიტანოთ და არ იქნეს განხილული უახლოეს პლენარულ სესიაზე",- განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ რეგულირება 1 სექტემბერს უნდა ამოქმედდეს და მთავრობამ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების“ დამტკიცება. იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, BMG-მ რეგულაციის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რადგან კანონპროექტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილება, ამოქმედების ვადა 1 სექტემბერი აღარაა და როდის ამოქმედდება რეგულაცია, საპარლამენტო განხილვების დაწყების შემდეგ განისაზღვრება.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი?
კანონპროექტის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი მთავრობა. მისი მიღების შემთხვევაში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი დარეგულირდება და მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს შესაბამისი წესი და პირობები. რეგულირება შეეხება შესაბამისი პროდუქტების იმპორტიორებს, დისტრიბუტორებს და რეალიზატორებს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პესტიციდების და აგროქიმიკატების ფასების რეგულირების ერთ-ერთი მოდელი შეიძლება ასეთი იყოს:
იმპორტიორის მიერ პესტიციდი შეძენილი უნდა იყოს მხოლოდ მწარმოებლისგან ან მისი ოფიციალური წარმომადგენლისგან, რათა გამოირიცხოს პარალელური იმპორტისას (საშუამავლო კომპანიებისგან შესყიდვა) ფასის ზრდა. იმპორტიორი ვალდებული იქნება შესაბამის უწყებებს წარუდგინოს ინფორმაცია პესტიციდისა და აგროქიმიკატის ყოველი პარტიის საინვოისო ფასის, შეფუთვის ერთეულის, მისი მოცულობის, რაოდენობისა და ღირებულების შესახებ.
მთავრობის მიერ შეიძლება განისაზღვროს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმდინარე წლის მაქსიმალური საცალო ფასი. ფასის განსაზღვრის მექანიზმი კი შეიძლება ასეთი იყოს: მოხდეს პესტიციდების/აგროქიმიკატების დაჯგუფება მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით: პესტიციდები/აგროქიმიკატები, რომელიც წარმოებულია მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში, ამერიკის შეერთებული შტატებში, კანადაში, იაპონიაში, ისრაელში და პესტიციდები/აგროქიმიკატები, რომელიც წარმოებულია სხვა ქვეყნებში. ასევე, მოხდეს პესტიციდების/აგროქიმიკატების დაჯგუფება სხვადასხვა კრიტერიუმებით, მაგალითად: მოქმედი ნივთიერების, მოქმედი ნივთიერებების კომბინაციის, მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციის, პრეპარატული ფორმისა (სითხე, გრანულა, ორიგინალი, ჯენერიკი და ა.შ) და დაფასოების მიხედვით;
ყოველი წლის დასაწყისში განისაზღვროს თითოეული ჯგუფისთვის მიმდინარე წლის მაქსიმალური საცალო ფასი, რისთვისაც გამოყენებული იქნება:
თითოეულ ჯგუფში შემავალი პრეპარატების წინა წლის საბითუმო და საცალო დონეზე რეალიზებული პესტიციდების რაოდენობასთან შეწონილი ფასის საშუალო არითმეტიკული ფასი;
თითოეულ ჯგუფში შემავალი პრეპარატების წინა წლის იმპორტის საინვოისო ფასის რაოდენობასთან შეწონილი საშუალო არითმეტიკული ფასი.
დოკუმენტში წერია, რომ მიმდინარე წლის მაქსიმალური საცალო ფასის დადგენა უზრუნველყოფს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიწოდების ჯაჭვში დამატებითი რგოლების გაჩენისა და არამართლზომიერი ფასნამატის პრევენციას, ასევე, ბაზარზე გონივრული ფასების შენარჩუნებას. ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ შესაძლებელია შემუშავებული და გამოყენებული იქნეს ფასების რეგულირების სხვა მოდელიც.
კანონპროექტის მიღების შემდეგ მის აღსრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების დარღვევა პირველ შემთხვევაში იწვევს ბიზნესოპერატორის გაფრთხილებას; განმეორების შემთხვევაში იწვევს 5 000 ლარის ოდენობის დაჯარიმებას, ხოლო სამართალდარღვევის პირველი გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში მესამედ და მეტჯერ განმეორების შემთხვევაში კი 30 000 ლარით დაჯარიმებას.
"კანონპროექტის მიღების შედეგად მოსალოდნელია პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცენარეული წარმოშობის სოფლის მეურნეობის პროდუქციის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ვინაიდან, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხარჯებში წარმოადგენს 20-50% სხვადასხვა კულტურის მიხედვით",- წერია განმარტებით ბარათში.
ინიციატივის ავტორები უთითებენ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილების მაგალითები არსებობს ინდოეთის, ეგვიპტეს, ჩინეთის პერმანენტული სახელმწიფო რეგულირების მექანიზმებში, ასევე მთელი რიგი ევროპული და ლათინოამერიკული ქვეყნების გამოწვევებზე ორიენტირებული დროებითი რეგულირების ფორმებში.




























