საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს განაცხადა, რომ წელს მშპ-სთან მიმართებით მთავრობის ვალი კრიტიკულ 60%-იან ზღვარს ჩამოსცდება და 57% გახდება. ეს პროგნოზი რადიკალურად განსხვავდება საქართველოს მთავრობის წინა პროგნოზისგან, რომლის მიხედვითაც ვალის ნიშნული 60%-ზე დაბლა მხოლოდ 2022 წელს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, მთავრობის მიერ შეცვლილი პროგნოზით, ვალის დონის მხრივ ვითარება წელსვე გაუმჯობესდება.
“პანდემიამ მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა ბიუჯეტის დეფიციტზე და მთავრობის ვალზე. 9.3%-მდე გაიზარდა 2020 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი კი მშპ-ის 20%-ით გაიზარდა და გადააჭარბა კრიტიკულ ზღვარს 60%-იან ნიშნულს. ეკონომიკის უფრო სწრაფი აღდგენა უფრო სწრაფი ფინანსური კონსოლიდაციის საშუალებას გვაძლევს, სწორედ ამიტომ ჩვენ პროგრამაში წარმოდგენილი განახლებული პროგნოზებით ფისკალურ დეფიციტს ვამცირებთ უკვე 7.6%-დან 7.1%-მდე. ჩვენი ვალი მიმდინარე წელს 60%-იან ნიშნულს ჩამოცდება და 57% იქნება საბაზისო სცენარში. 2025 წელს კი ველოდებით, რომ ის მშპ-ის 53%-მდე შემცირდება,”- პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
2020 წელს საქართველოს მთავრობამ 8 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ვალი აიღო - მათ შორის 2 მილიარდი ლარი შიდა ვალი, 6 მილიარდი ლარი კი საგარეო ვალი იყო. წელს კი მთავრობა სახელმწიფო ვალს დამატებით 5.3 მილიარდი ლარით ზრდის.
ვალის ნიშნულის მიერ 60%-იანი ზღვარის გადაჭარბება ახალი ვალის აღებასთან ერთად, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამაც გამოიწვია, რადგან კურსის გაუფასურებამ 2020 წელს 10%-ს გადააჭრბა.
თავისმხრივ მშპ-ს 60% წარმოადგენს საქართველოში კანონით განსაზღვრულ ვალის ლიმიტს, რომლის გადაჭაარბების შემთხვევაშიც მთავრობამ უნდა წარადგინოს სამწლიანი გეგმა, იმისთვის, რათა ვალი 60%-ზე დაბლა შემცირდეს.
2020 წელს წარდგენილი გეგმით ვალი 60%-ზე დაბლა 2022 წელს ჩამოდიოდა და ის 58% ხდებოდა. ახალი პროგნოზით კი ვალი წელსვე მშპ-ის 57%-იან დონემდე მცირდება.
საქართველოს სახელმწიფო ვალის 80% უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, შესაბამისად, ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას მასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გაცვლითი კურსის პროგნოზირება კი თავისმხრივ თითქმის შეუძლებელ გამოწვევას წარმოადგენს, ხოლო მთავრობის პროგნოზი, რომ სახელმწიფო ვალი წელსვე მშპ-ის 60%-ზე დაბლა ჩამოვა ეფუძნება დაშვებას, რომ ლარის გაცვლითი კურსი არსებულ დონეზე შენარჩუნდება.
მეორე ფაქტორი, რასაც ასეთივე დიდი გავლენა აქვს ვალის მოცულობაზე არის ეკონომიკური ზრდა. თუკი აქამდე მთავრობა 2021 წელს 4.3%-იანი ზრდას მოელოდა, განახლებული პროგნოზით წელს ზრდა 6.5% იქნება.
საქართველოს მთავრობის გარდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა მსოფლიო ბანკმაც და ის ამჟამად 6%-ს შეადგენს.