მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 000 ტონაა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, კახეთში 1 კგ. რქაწითელის ფასი მინიმუმ ლარი იქნება, კომპანიები კი სუბსიდიის სახით, კილოგრამზე 20 თეთრს მიიღებენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ ეს მოსავალი სათანადოდ დაბინავდეს, მოხდეს სათანადოდ რეალიზაცია. ამისთვის განხორციელდება რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც, იმისთვის, რომ სრულად დაბინავდეს მოსავალი და ფერმერებმა ადეკვატური შემოსავალი მიიღონ, ასევე ღვინის ინდუსტრიამ შეძლოს ბოლო წლების სტაბილური განვითარების ტემპის შენარჩუნება, სახელმწიფო განახორციელებს ფინანსურ ინტერვენციას. 20 000-ზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა, ასევე რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ექნება საშუალება, რომ ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავება განახორციელოს", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არა ნაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამის სანაცვლოდ, ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1 ლარს.
"კახეთის რეგიონში მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდიის ოდენობა 1 კგ. რქაწითელზე 20 თეთრს შეადგენს. გაიხსნება საკოორდინაციო შტაბი, რათა ორგანიზებულად მოხდეს მოსავლის ჩაბარება. ყველაფერი გაკეთდება, რომ დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს და შესაბამის კომპანიებს",- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 2023 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირებისთვის 25 მლნ დაიხარჯა. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული თანხა 138 მილიონ ლარამდე 2021 წელს დახარჯა.