საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს სახელს უცვლის - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა. კანონის მიღების შემთხვევაში, საპენსიო სააგენტოს შეცვლილი სახელი იქნება საპენსიო ფონდი.
ამავე კანონპროექტით რიგი ცვლილებები შედის საპენსიო სააგენტოს მართვის სისტემაშიც. მთავრობა გეგმავს, რომ მის დაქვემდებარებაში გადაიყვანოს საქართველოს საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი, ამიტომაც უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო. აღნიშნული საბჭო, რომელიც პარლამენტის მიერ მტკიცდება, ამჟამად 4 წევრისგან არის დაკომპლექტებული და სწორედ ეს საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო უქმდება, მას ჩაანაცვლებს 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო. ახალი საბჭო პასუხისმგებელი იქნება ფონდის მიერ როგორც ფონდის მენეჯმენტზე, ასევე აქტივების ინვესტირების პროცესზე, განსხვავებით არსებული სისტემისგან, როდესაც საინვესტიციო საბჭო უშუალოდ ინვესტირების პროცესზე არის პასუხისმგებელი. ამასთან რადიკალურად მცირდება ახალი საბჭოს დაკომპლექტებაში პარლამენტის წვლილი და ის ფაქტობრივად მთლიანად მთავრობის მხარეს გადადის.
საპენსიო ფონდის საბჭოში, რომელიც 15 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, 2 წევრს პირდაპირ საქართველოს მთავრობა დანიშნავს, დანარჩენი წევრების შერჩევა კი ღია კონკურსით მოხდება, თუმცა მათი დამტკიცება არა პარლამენტის მიერ, არამედ პრემიერ-მინისტრის მიერ მოხდება.
იცვლება სხვადასხვა საპენსიო აქტივში ინვესტირების ლიმიტები და ფონდს პირდაპირ მიეცემა სხვადასხვა აქტივში ინვესტირების შესაძლებლობა, რაც ფონდის მიერ შეიძლება იყოს რაიმე მსხვილი პროექტის დაფინანსება, თუკი აღნიშნულ პროექტში თანადამფინანსებლის სახით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მონაწილეობენ, ხოლო საპენსიო ფონდის წილი აღნიშნული დაფინანსების 20% შეიძლება იყოს.
ეს ნიშნავს, რომ საპენსიო ფონდს არსებული მდგომარეობით დაახლოებით 750-800 მილიონი ლარის ისეთ პროექტებსა და აქტივებში ჩადება შეეძლება, რომლებიც არც აქციებს და არც ობლიგაციებს არ წარმოადგენს.
საკითხზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.