მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონს იწყებს

5e429731d52c4
ინგა მურუსიძე
11.02.20 14:43
1177
გვინდა მარმარილო გადამუშავდეს აქ და მოხმარდეს ახალი საშენი მასალის წარმოებას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მარნეულში განაცხადა, სადაც მან ბიზნესს 100 წიაღისეულის ათვისების პროექტი გააცნო.

"დღეს ვიმყოფებით მარნეულში, ეს არის 100 პროექტიდან ერთ-ერთი საინტერესო, რომელიც შეთავაზებული იქნება ინვესტორებისთვის და იმედი გვაქვს, რომ აქ სულ მალე დაიხარჯება, სულ მცირე 2 მილიონი ლარის ინვესტიცია, შეიქმნება ახალი საწარმო, რომელიც გადაამუშავებს ბაზალტს და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთავრობა ბიზნესს სთავაზობს 100 წიაღისეულის ათვისების პროექტს და 100 პარალელურ აუქციონს.

"პროექტი იქნება მასშტაბური და საინტერესო. ეს შეეხება ისეთ წიაღისეულს, რომელსაც აქვს საექსპორტო, ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი. მათ შორის, ეს არის სხვადასხვა ლითონები, სამთო-ქიმიური ნედლეული, პოლიმეტალები და ა.შ. ეს არის რესურსი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რათა კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა, რომ მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები შეიქმნას და ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ.

ჯამში, მთელი პაკეტის შეთავაზებით საწყისი ღირებულება არის სულ მცირე 82 მილიონი ლარი, ხოლო ინვესტიცია უნდა იყოს სულ მცირე, 120 მილიონი ლარი. შეიქმნება მინიმუმ 1500 სამუშაო ადგილი. მინდა ვთქვა, რომ სიახლე ამ ინიციატივაში არის ის, რომ ჩვენ გვსურს, ჩვენი წიაღისეული, ჩვენი ეროვნული სიმდიდრე არა მხოლოდ მოპოვებული იქნას, არამედ შესაძლებელია მოხდეს მისი გადამუშავება საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მარმარილო გადამუშავდეს აქ და მოხმარდეს ახალი საშენი მასალის წარმოებას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ბაზალტი გადამუშავდეს და ხელოვნური ბოჭკოები იწარმოებოდეს საქართველოში. გვინდა, რომ ჩვენი თიხიდან იწარმოებოდეს კერამიკა და ჩაანაცვლოს იმპორტირებული. ჩვენ ამ ყველაფერს ვაღწევთ 100 საინვესტიციო შეთავაზებით ბიზნესს, პროგრამის ფარგლებში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები