მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა შიდა ფრენების სუბსიდირებაზე 2023 წელს 8 მლნ ლარს დახარჯავს

63985b05b559d
ელენე გოგბერაშვილი
14.12.22 00:05
819
მგზავრთა შიდა საჰაერო გადაყვანას საქართველოს მთავრობა მომავალ წელსაც რამდენიმე მილიონი ლარით დაასუბსიდირებს.

მთავრობა შიდა ფრენების სტიმულირებისთვის დაფინანსების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. დღემდე
ქვეყნის მასშტაბით მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან თანხებს ავიაკომპანია AK-Air Georgia იღებს, რადგან აღნიშნულმა კომპანიამ 2018 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

ახალი ტენდერის გამოცხადებას სახელმწიფო კომპანია მომავალი წლის პირველ ნახევარში გეგმავს. როგორც „აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ bm.ge-ს განუცხადა, ახალ ტენდერში სახელმწიფო სუბსიდია ახალ მიმართულებებზეც გავრცელდება. კერძოდ, საუბარია თელავი-მესტიისა და თელავი ბათუმის მიმართულებებზე, რომელიც არსებულ შიდა ფრენებს დაემატება.

„ამ ეტაპზე ფრენები სრულდება მესტიის, ბათუმის, ამბროლაურის მიმართულებით და ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით. განიხილება ასევე შიდა ფრენების ახალ ტენდერში მიმართულებების დამატება როგორიც გახლავთ თელავი-მესტია, თელავი-ბათუმი. განიხილება ასევე სიხშირეების ზრდაც. შიდა ფრენების ტენდერის გამოცხადებას ველოდებით 2023 წლის პირველ ნახევარში, რაც შესაბამისად საშუალებას მოგვცემს შიდა ფრენების პროექტი გაგრძელდეს უწყვეტად“,-აცხადებს თამარ არჩუაძე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„შიდა ფრენებისთვის 8 მილიონი იყო გათვალისწინებული წელსაც, იგივე თანხაა გათვალისწინებული 2023 წლის ბიუჯეტშიც და ამ კუთხით ცვლილებები არ გვაქვს. ამ თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს ახალი ტენდერის გამოცხადება“,-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები