მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა შპს „მეგის“ უძრავ ქონებას პირდაპირი მიყიდვის ფორმით ₾1.5 მილიონად გადასცემს - განკარგულება

ლესელიძე

სახელმწიფო პირდაპირი ფორმით შპს „მეგის“ თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე 2 მიწის ნაკვეთსა და ერთ შენობა-ნაგებობას 1.5 მლნ ლარად მიჰყიდის. ინფორმაცია მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. განკარგულება 2025 წლის 8 ივლისს არის გამოცემული.

საგულისხმოა, რომ "ოცნების" პრემიერმა 27 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა გააუქმა. მიზეზად კი კორუფციული რისკები დაასახელა, რომელსაც აღნიშნული ფორმა შეიცავდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში კი bm.ge-ს უთხრეს, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე არსებული რეგულაციების დახვეწის მიზნით, მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება“.

რაც შეეხება 8 ივლისის განკარგულებას, შპს „მეგის“ საკუთრებაში გადაეცემა:

  • ქალაქ თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, №12-ის მიმდებარედ არსებული 124 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა;
  • ქ. თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, №12-ში მდებარე 74 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 1 514 000 ლარს. კომპანიამ განკარგულების მიხედვით, საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ამასთან, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, შეწყდება იმავე ქონებაზე შპს „მეგის“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იჯარის უფლება.

კომპანია 1997 წელს არის დარეგისტრირებული და წილის 100%-ს პაატა ჯანხოთელი ფლობს.

განკარგულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

შენიშვნა: განკარგულებაში ლესელიძის ქუჩად კოტე აფხაზის ქუჩაა მოხსენებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები