სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე არსებული რეგულაციების დახვეწის მიზნით, მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება“.
BMG-მ ქონების სააგენტოს შესაბამისი კითხვით მას შემდეგ მიმართა, რაც რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე უარი თქვეს.
„ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის კორუფციის რისკებს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და უძრავი ქონების, მათ შორის მიწის რესურსის პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
BMG-მ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სხვა დამატებითი კითხვებით მიმართა, მაგრამ სააგენტოდან მოგვწერეს, რომ ინფორმაციას არ ფლობენ. კერძოდ, ჩვენ გვაინტერესებდა:
1. როგორ იცვლება უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა და როდიდან?
2.საინვესტიციო ვალდებულებებით, ქონების [უძრავი ქონება/მიწა] 1 ლარად გაყიდვის უფლება საერთოდ უქმდება? თუ - კი, როდიდან?
3. ხომ არ გააუარესებს პრივატიზაციის და შესაბამისად, ახალი ინვესტიციების მოზიდვის ტემპს პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის გაუქმება და თუ მსგავს რისკებს ხედავთ, რა პოლიტიკით აპირებს სააგენტო აღნიშნულის დაბალანსებას?
4. ირაკლი კობახიძემ მხოლოდ კორუფციის რისკების საფუძველზე მიიღო ამ პრაქტიკის გაუქმების გადაწყვეტილება თუ დაფიქსირდა უკვე კორუფციული ფაქტები? თუ - კი, გამოძიება დაწყებულია?
დამატებით, BMG გამოითხოვს, ქონების ეროვნული სააგენტოდან სტატისტიკას პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული ქონების რაოდენობის, საბაზრო ღირებულების და საინვესტიციო ვალდებულებების შესახებ.




























