მთავრობას “ტექინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შეაქვს.
კერძო სექტორი ვალდებული ხდება ინსპექტირებასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეინახოს და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ელექტრონულად მიაწოდოს.
ცენტრები უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ საინფომაციო-ტექნოლოგიურ მოთხოვნებს, მათ შორის ისინი ვალდებულნი იქნებიან, ტესტირების სივრცე(ებ)ში ვიდეომეთვალყურეობის სისტემები დაამონტაჟონ ისე, რომ ვიდეოგამოსახულების კადრში ხვდებოდეს თითოეული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სრული ციკლი; ვიდეომეთვალყურეობიოს სისტემებით სარგებლობა კი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად შსს-ს შესაბამის პირებსაც შეეძლებათ.
როგორც ცნობილია, ე.წ ლოიალური ინსპექტორების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, რამდენიმე თვის წინ დაიწყო ინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი და სანქცირება, რისი გაგრძელებაცაა მოქმედ რეგლამენტში ახლახან შესული ცვლილებებიც, რითაც ინსპექტირების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე ხდება.
“აქ ძირითადად ის მოთხოვნებია დამატებული, რომ ავტომობილი არ უნდა იქნეს გამოსული ტესტირების სივრციდან მანამდე, სანამ არ დასრულდება ინსპექტირების პროცესი. აღნიშნულის საჭიროება გახდა იქიდან გამომდინარე, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ჩართულია მონიტორინგის პროცესში და აღნიშნული პროცესის სამართავად დადგა საჭიროება ეს ცვლილება შესულიყო რეგლამენტში. აკრედიტაციის ეროვნული ორგანოდან გადადის ერთიანი ელექტრონული ბაზის მართვა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში და სააგენტო იქნება ახლა ამ პროცესის მმართველი. გაწერა ასევე ტექნიკური საკითხები ვიდეოკამერებით აღჭურვასთან დაკავშირებით და ის, რომ ყოველ წელს საჭიროება დგას, რომ თავიდან ბოლომდე იქნეს შეფასებული ინსპექტირების ცენტრის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პროგრამული ნაწილი, აღჭურვილობა, შენობა-ნაგებობა და ა.შ “,-აცხადებს გიორგი შიოლაშვილი, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2026 წლის 31 დეკემბრამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ ახალი ერთიანი ელექტრონული ბაზა შექმნას და მისი ადმინისტრირება უზრუნველყოს.




























