ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის. მიხეილ სარჯველაძის ცნობით, ხელშეკრულება პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ უკვე გაფორმებულია.
სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტი ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ორი წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება დამტკიცებულ ჩვენებებს.
„დღეს, მინდა, საზოგადოებას გავაცნო ინფორმაცია იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის მორიგი, მნიშვნელოვანი გაფართოების თაობაზე. საქმე ამჯერად ეხება ცისტური ფიბროზის იგივე მუკოვისციდოზის, იშვიათი გენეტიკური, ამ ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადების მართვას. ეს არის გენის მუტაციით გამოწვეული სერიოზული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს სქელი, წებოვანი ლორწოს წარმოქმნას. დაავადება უპირველესად მძიმედ აზიანებს სასუნთქ სისტემას, იწვევს სასუნთქი გზების ქრონიკულ ანთებას და ფილტვების ფუნქციის პროგრესულ გაუარესებას, მათ შორის სუნთქვის უკმარისობას. დაავადება ასევე აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, პანკრეასს და სხვა ორგანოებს. დაავადება ზემოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებასაც იწვევს და ეს უკიდურესად მძიმედ წარმოჩინდება ბავშვებში.
ამიტომ, უპირველესად მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი, დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის
სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს მედიკამენტის დანერგვისთვის საჭირო პროცედურებზე მუშაობას და „ტრიკაფტას“ პაციენტებისთვის მიწოდების პროცესი სექტემბერში დაიწყება.
„დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისთვის, ბევრი ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის, რასაც ყველას ვუსურვებ. მინდა, აქვე დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და
პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილებისთვის და საკუთრივ პროცესის მთლიანად მხარდაჭერისთვის.
საქართველო იქნება იმ არცთუ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც საკუთარ სახელმწიფო პროგრამაში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ექნება დანერგილი ეს ძვირადღირებული მედიკამენტი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მშობლებს ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის, მათ შორის, გასული წლის მიწურულს ამ დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების წინა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით წარმართვისთვის, ამ რთული პროცესის
ერთად გავლისთვის, გამძლეობისა და მოთმინებისთვის. ყველაფერი ეს გადამწყვეტი იყო დღევანდელი წარმატების მიღწევისთვის“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
„ტრიკაფტა“ 2025 წლის სექტემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში (WHO Essential Medicines List) შევიდა, რაც ცისტური ფიბროზის თანამედროვე მკურნალობაში მის საკვანძო როლს ადასტურებს.
უწყებაში კი განმარტავენ, რომ მედიკამენტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნუტრიციულ სტატუსსა და ცხოვრების ხარისხს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ უფრო აქტიური, ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრებით.
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას.
დაავადებისთვის ხშირია სასუნთქი გზების ინფექციები, დროთა განმავლობაში კი მნიშვნელოვნად უარესდება ფილტვების ფუნქცია და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა. მუდმივი მკურნალობის აუცილებლობა და დაავადებით გამოწვეული შეზღუდვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარებაზე, რის გამოც თანამედროვე თერაპიის ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.




























