მთავრობა USAID-ის ადგილობრივი წარმომადგენლობისგან სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ელის. ამ განცხადებით გახსნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მშვიდობიანი პერიოდია, ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მთავრობა შეეწინააღმდეგება და ყველას მაქსიმალური სიმკაცრით დასჯის.
„საზოგადოებამ დღეს დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოისმინა და კონკრეტული მტკიცებულებები, იმის შესახებ თუ როგორ მზადდება არეულობა ქვეყანაში.
ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვაცნობეთ ამის შესახებ საზოგადოებას და გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომელიც ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ, დესტრუქციულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს აქვთ, რომლებსაც დახმარება ქვეყნის საზღვრებს გარეთ აქვთ. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ჩამოდიან ქვეყანაში, აქ მართავენ ტრენინგებს. ეს ყველაფერი შენიღბულია, თითქოს ხელოვნების და კულტურის წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს და ამ დროს პირდაპირი მოწოდებები მიდის და ტრენინგები თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. სახელმწიფო დღეს ძლიერი და მტკიცეა და თავის სიმაღლეზე დგას. არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში.
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო ახსნა-განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, რადგან დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და დაფინანსებით ჩამოვიდნენ ეს ადამიანები. ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა ჩვენ მათ ოფიციალურ განცხადებას დაველოდებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მომზადების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებისა და ადგილობრივად რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის ახალგაზრდების გადამზადებისთვის გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.
სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია რომ ქვეყანაში რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის მოქალაქეების გადამზადებისთვის USAID-ის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ პირები, რომელიც 29 სექტემბერს დაიკითხნენ.