საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ლოგისტიკის სექტორში ახალი დაფინანსების მოზიდვის შესახებ მართავს მოლაპარაკებებს. 17 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისსა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს საქართველოში ანდერს პეტერსონს შეხვდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს რკინიგზისთვის ახალი ლოკომოტივების და ახალი ვაგონების შესყიდვის დაფინანსება და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობის დაფინანსების მხარდაჭერა.
ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა 2026 წელს როგორც ADB-სგან, ასევე მსოფლიო ბანკისგან სარკინიგზო რეფორმის ფარგლებში 325 მილიონი ლარის საკრედიტო დაფინანსების მიღებას მოელის (ADB-სგან 162.5 მლნ ლარი, მსოფლიო ბანკი 162.5 მლნ ლარი), რაც მომდევნო წლის ბიუჯეტში არის განსაზღვრული.
BMG-ის ADB-ის პრესსამსახურში აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით განუცხადეს, რომ საკითხზე მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება და პროექტის მიზნების შესახებ ინფორმაცია მისი დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება. თუმცა, მთავრობის განცხადებებიდან გამომდინარე, საუბარი სავარაუდოდ სწორედ რკინიგზის ვაგონების და ლოკომოტივების დაფინანსებას შეეხება.
ასევე, 15 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა და საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ლოკომოტივების მწარმოებელი ფრანგული კომპანია Alstom-ის რეგიონულ დირექტორთან გამართეს შეხვედრა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავაგონე და სალოკომოტივო პარკის განახლებას. Alstom-ის უახლოესი ქარხანა ყაზახეთში მდებარეობს.
საქართველოს რკინიგზის ანგარიშის თანახმად, კომპანიის საკუთრებაში არსებული ლოკომოტივების უდიდესი ნაწილი მოძველებულია, კერძოდ ლოკომოტივების მთლიანი რაოდენობის (91 ლოკომოტივი) 78% 35 წელზე მეტი ხნის წინ არის გამოშვებული, ამასთან კომპანიას არ გააჩნია არცერთი ლოკომოტივი, რომელიც 20 წელზე უფრო ახალია.
რაც შეეხება კომპანიის საკუთრებაში არსებულ სამგზავრო შემადგენლობებს მთლიანი რაოდენობის (19 შემადგენლობა) 53% 35 წელზე მეტი ხნის წინ არის გამოშვებული. შესაბამისად, კომპანია ამ მხრივაც განახლების საჭიროების წინაშეა.




























