მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა ზედმეტად გაცემულ კომპენსაციებზე და შემწეობებზე ამნისტიას აცხადებს - კანონპროექტი პარლამენტშია

ხელფასი ფული

ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო კომპენსაციების ზედმეტად გაცემული თანხების ამნისტიას. ინიციატივა შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ბენეფიციარებზე თანხები სხვადასხვა მიზეზით ზედმეტად გაიცა და მათი დაბრუნება კანონით იყო მოთხოვნილი.

ინიციატივის მიხედვით, 2021 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში ზედმეტად გაცემული სახელმწიფო შემწეობები და კომპენსაციები ლეგალურად ჩაითვლება და მათი დაბრუნება აღარ მოეთხოვებათ ბენეფიციარებს ან გარდაცვლილი პირების მემკვიდრეებს. ამასთან, შეწყდება შესაბამისი ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ზედმეტად გაცემული კომპენსაციები ძირითადად ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდებას უკავშირდება. კერძოდ, ასეთ შემთხვევებად სახელდება ბენეფიციარის მიერ საჯარო საქმიანობის დაწყების შესახებ ინფორმაციის დროულად არმიწოდება, ასევე კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების ფაქტის დაგვიანებით დაფიქსირება შესაბამის სისტემებში.

მოქმედი წესით, მსგავსი ზედმეტი გადახდები მოქალაქეებს უკან, ბიუჯეტში უნდა დაებრუნებინათ, რაც ხშირად დაკავშირებული იყო როგორც ფინანსურ სირთულეებთან, ასევე სასამართლო დავებთან. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, ეს პროცესი ხანდაზმული და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ცვლილება დაახლოებით 252 პირს შეეხება, ხოლო ბიუჯეტში დასაბრუნებელი თანხის მოცულობა დაახლოებით 600 ათას ლარს შეადგენს. ამასთან, ამ დროისთვის სასამართლოში განხილვის პროცესში 32 საქმეა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სოციალური შემწეობების და სხვა კომპენსაციების გაცემის პროცესში ჩართული არიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, რომელთა მიერაც ზოგიერთ შემთხვევაში მონაცემთა ბაზის დროული განახლება ვერ ხდება, რაც პირებისთვის ზედმეტი კომპენსაციის დარიცხვას იწვევს. ასეთია მაგალითად გარდაცვალების დაგვიანებული რეგისტრაცია და სხვა ცვლილებები, რომლებიც დახმარების მიმღებთა ბაზის ყოველთვიურ განახლებას უკავშირდება.

პარლამენტში ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხოლო პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არის მომზადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები