ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედმა ბიზნესებმა და ფიზიკურმა პირებმა საერთო ჯამში 17 მილიარდი ლარის გადასახადები გადაიხადეს, რაც ბიუჯეტით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით 283 მილიონი ლარით მეტი იყო.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა 6.8 მილიარდი ლარი დღგ-დან შევიდა, რაც ქვეყანაში საქონლისა და მომსახურებას 18%-ით ბეგრავს.
2023 წლის განმავლობაში საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 6,793,665,800 ლარი, წლიური გეგმის 99.8%;
- საშემოსავლო გადასახადი - 5,574,816,600 ლარი, წლიური გეგმის 101.6%;
- აქციზი - 2,270,263,900 ლარი, წლიური გეგმის 102.3%;
- მოგების გადასახადი - 2,018,166,500 ლარი, წლიური გეგმის 100.9%;
- იმპორტის გადასახადი - 151,212,000 ლარი, წლიური გეგმის 100.8%.
რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა წყაროებს, პრივატიზაციის გეგმა 101.7%-ით შესრულდა და მან 203 მილიონი ლარი შეადგინა. სანქციებიდან - ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული თანხა 155 მილიონი ლარია, რაც გეგმის 103.7%-ია.