ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 10 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში შემოსავლების სამსახურმა 13,933,650,900 ლარის გადასახადები აკრიფა, რაც 2023 წლის გეგმის 83%-ია. შესაბამისად, დარჩენილ თვეებში - ნოემბერსა და დეკემბერში ბიუჯეტის შესასრულებლად 2,776,700,000 ლარის მობილიზება სჭირდება.
ფინანსთა სამინისტროს თანახმად, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან ყველაზე მეტი თანხა დღგ-დან შევიდა, შემდეგ ადგილზეა საშემოსავლო და აქციზის გადასახადები.
2023 წლის 10 თვეში გადასახადების მობილიზების მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 5,618,818,100 ლარი, წლიური გეგმის 82%;
- საშემოსავლო გადასახადი - 4,631,549,000 ლარი, წლიური გეგმის 84%;
- მოგების გადასახადი - 1,704,694,200 ლარი, წლიური გეგმის 85%;
- აქციზი - 1,836,683,000 ლარი, წლიური გეგმის 83%;
- იმპორტის გადასახადი - 127,834,800 ლარი, წლიური გეგმის 85%.
რაც შეეხება შემოსავალს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან, მან 103.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის ანუ 200 მილიონი ლარის 51.8%-ია.