მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 9 სასურსათო პროდუქტის სუბსიდირების ხელშეკრულება 20-მდე კომპანიასთან დადო

5e91e67de2496
BM.GE
11.04.20 19:41
2362
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ამბობს, რომ მთავრობას 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასის შენარჩუნებისთვის სუბსიდირების ხელშეკრულებები 20-მდე კომპანიასთან აქვს გაფორმებული.

კერძოდ კი, ეს პროდუქტებია - ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.

“20-მდე სხვადასხვა მსხვილ იმპორტიორთან გვაქვს შეთანხმება უკვე გაფორმებული. ეს არის სწორედ ამ ძირითადი პროდუქციის შემომტანი პირები - წიწიბურა, შაქარი, მაკაონი, ფქვილი, რძის ფხვნილი, ზეთი და ასე შემდეგ. ჩვენ სისტემურად თუ შევხედავთ, მსხვილი იმპორტიორები და მსხვილი სავაჭრო ქსელები მათ ფასი არ გაუძვირებიათ ამ პროდუქციაზე,”- ამბობს კალანდაძე.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია და მისი ამოქმედების შედეგად, მთავრობის მიერ შერჩეულ 9 დასახელების სასურსათო პროდუქტზე ფასები სუბსიდირების გზით უცვლელად შენარჩუნდება.

თენგიზ კალანდაძე საუბნო მაღაზიებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათგან ამ პროდუქტებზე ფასის "სპეკულაციური" მატება მოხდება, სახელმწიფოს ამ ბიზნეს ოპერატორების დაჯარიმებაც შეეძლება. 

"მაღაზიებმა ეს ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ საკმაოდ მკაცრი სანქციები გვაქვს გაწერილი, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის ვითარება გვაძლევს ამის საშუალებას. თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო სოლიდარული ურთიერთობა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია შემოწმება სხვა უწყებებთან ერთად, როგორიცაა შემოსავლების სამსახური, შეგვიძლია ვნახოთ ღირებულებათა ჯაჭვში სად მოხდა გაძვირება, იყო ეს იმპორტის, დისტრიბუციის თუ საცალო გაყიდვის არხი და მოხდა თუ არა ფასის სპეკულაციური გაძვირება. ჩვენ ამის გაკეთებაც შეგვიძლია, რომ მკაცრად დავუდგინოთ ფასი, თუმცა ჯერ-ჯერობით ჩვენ ამის გაკეთება არ დაგვჭირვებია,"- ამბობს თენგიზ კალანდაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები