მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერევა თუ არა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში ზედმეტად? - ლევან დავითაშვილის პასუხი

63e0f01012cd4
ვიქტორია მღებრიშვილი
06.02.23 16:27
979
მთავრობის მეთაურმა დღეს სურსათის იმპორტისა და რეალიზებისას არათანაბარი კონკურენციის პირობების დასადგენად ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის შექმნა და მათ იმპორტიორების ჩართულობის საკითხის მოკვლევა დაავალა. პრემიერმა განაცხადა, რომ კონკურენციის პირველადი მოკვლევის საფუძველზე პირველადი მოხმარების სურსათს მაღალი მარჟებით ყიდიან და ბიზნესი მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა მდიდრდებოდეს.

იქიდან გამომდინარე, რომ სურსათის ბაზრის მოკვლევის დაწყებამდე დღის წესრიგში მედიკამენტების ბაზრისა და საწვავის ფასების რეგულირების საკითხი იყო, ერევა თუ არა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში ზედმეტად - ამ კითხვით BM.GE-მ ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართა.

ლევან დავითაშვილის თქმით, პრემიერის დავალების მიზანი არაკეთილსინდისიერი ფაქტების გამორიცხვაა, და არა ბიზნესის საქმიანობაში ჩარევა. ეკონომიკის მინისტრმა ის დროც გაიხსენა, როდესაც პანდემიის პერიოდში პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასების შენარჩუნების მიზნით იმპორტიორების ხელშეწყობას სუბსიდირებით ახდენდა.

„ჩვენ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამორიცხვა გვინდა. ეს მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ოპტიმალური ფასი თუ კონკურენცია სრულყოფილია, და თუ კონკურენცია იზღუდება, ჩვენ შეიძლება გვქონდეს არახელსაყრელი ვითარება და შედეგად გვქონდეს გაზრდილი ფასი. პირველადი დაკვირვებით და კვლევებით, რომელიც დაუსრულებელია. ასეთი ნიშნები არის, რომლებიც უნდა გამოირიცხოს. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად სწორი და პასუხისმგებლიანია, ყველა ნორმალური ხელისუფლება ასევე იმოქმედებდა. ჩვენ უნდა გვქონოდა მეტი ყურადღება ამ მიმართულებით, ეს პრემიერის მოწოდება და დავალება იყო.

ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა არაერთი არაორდინალური სიტუაცია, როდესაც ვახდენდით ფასების მონიტორინგს, გვქონდა მუდმივი დიალოგი და გვქონდა გარკვეული ინტერვენციები სუბსიდირების და დახმარების კუთხით, ეს პროცესი ძალიან შედეგიანი იყო და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ძირითადი საარსებო კალათის პროდუქტები იყოს - ეს არის ძირითადი დავალება და სულისკვეთება და არამც და არამც არ მოიაზრება ბიზნესის სამართლიანი უფლებები გარკვეულწილად შეიზღუდოს. მოგების მარჟა კონკურენციის პირობების დარღვევის ერთ-ერთი წინაპირობა და ნიშანია“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა განმარტა, რომ მთავრობის წევრები მხოლოდ პირველადი მოკვლევის შედეგებზე საუბრობენ და საკითხის დეტალური შესწავლა გარიგების და შეთანხმების ფაქტებს გამორიცხავენ.

„ჩვენი ანალიტიკური ჯგუფები ჩაერთვებიან, სხვადასხვა სამინისტროში სამუშაო ჯგუფებში იქნება, რომელიც სხვადასხვა ალტერნატივას შეისწავლის, საერთაშორისო ბაზრებზე ფასებს საიმპორტო ფასებს და იმ გასაყიდ ფასებს, რომელიც დღეს იმპორტიორებს საბითუმოდ აქვთ. აქ საუბარია არა მხოლოდ იმპორტიორებზე, არამედ ადგილობრივ მწარმოებლებზე. ეს ძირითადი სამომხმარებლო კალათაა, რომლის მიხედვით განისაზღვრება როგორც ინფლაცია, ასევე ჩვენს ყოველდღიურ დანახარჯებში მათ ძალიან დიდი წვლილი აქვთ.

მუშა პროცესი მიმდინარე კვირას დაიწყება. ხვალ გვაქვს საკონსულტაციო შეხვედრები, რომლის შემდეგ გვექნება გარკვეული მიგნებები და რეკომენდაციები, საჭირო იქნება თუ არა დამატებითი მარეგულირებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, თუ საკმარისი იქნება კონკრეტულ მოთამაშეებთან დიალოგი და ამით მივიღოთ შედეგი. ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად ობიექტური ფასები სჭირდება, როგორც წამლის ფასების შემთხვევაში იყო, თუმცა ის გარკვეულ რეგულაციებს ექვემდებარება არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის რიგ ქვეყნებში.

მათ შორის საწვავთან მიმართებით იყო ფასების რეგულირების პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ შემთხვევაში იქნება თუ არა საჭირო რეგულირება, ეს ორი კვირის განმავლობაში გამოიკვეთება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები