საქართველოს მთავრობამ „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესში“ ცვლილებები შეიტანა. დადგენილება, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა, ახალ სამართლებრივ მექანიზმებს აჩენს მათთვის, ვინც ამჟამად ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის.
გთავაზობთ მთავარ სიახლეებს, რაც ამ გადაწყვეტილებით იცვლება:
აქამდე, პირი, რომელიც რელიგიური, სინდისის ან სხვა საფუძვლით სამხედრო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიულ შრომით სამსახურს ირჩევდა, ამ რეჟიმში რჩებოდა. ახალი ცვლილებით, არასამხედრო სამსახურში მყოფ პირს, მათ შორის მათაც, ვისაც უკვე შეუსრულდა 27 წელი ეძლევა უფლება, საკუთარი სურვილით და პირადი განცხადების საფუძველზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადავიდეს.
თუ მოქალაქე გადაწყვეტს შრომითი სამსახურიდან ჯარში გადასვლას, წესდება კონტროლის მექანიზმი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად:
თუ მისი პირველადი სამედიცინო შემოწმებიდან 6 თვეზე მეტია გასული, ის ვალდებულია გაიაროს განმეორებითი შემოწმება მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ. კომისია იხელმძღვანელებს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებებისა და ტრავმების ოფიციალური ნუსხით.
სამედიცინო შემოწმების შედეგების მიხედვით, პროცესი სამი სცენარით შეიძლება განვითარდეს:
- თუ პირი ჯანმრთელობით თავსებადია (ვარგისია) სამხედრო სამსახურისთვის: გამწვევი კომისია დოკუმენტაციას უბრუნებს სახელმწიფო კომისიას, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მისი ჯარში გადაყვანის შესახებ.
- თუ პირი დროებით შეუსაბამოა: საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი სახელმწიფო კომისიაში მაინც გრძელდება.
- თუ პირი უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის: ამ შემთხვევაში ის არა მხოლოდ ჯარში ვერ წავა, არამედ საერთოდ ვადამდე დაითხოვენ არსებული არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდანაც და პირდაპირ ამ სამსახურის რეზერვში ჩარიცხავენ.
მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო რეზერვისტების ასაკობრივ ზღვარსაც. დოკუმენტის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც დაასრულებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს (ამოეწურება ვადა) ან მისგან ვადამდე იქნება დათხოვნილი, ჩაირიცხება ამავე სამსახურის რეზერვში და მასში დარჩება 60 წლის ასაკის მიღწევამდე.


























