საქართველოს მთავრობამ საგარეჯოს თიზის მფლობელ კომპანია „ასი გრუპ ჯორჯიას“ ინდუსტრიული ზონის ამოქმედების ვადა და მოწყობის გეგმის შემუშავება კვლავ გადაუვადა - ირკვევა ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 82-ე დადგენილებიდან.
საქართველოს მთავრობასა და "ასი გრუპ ჯორჯიას" შორის საგარეჯოს თიზის პროექტის შესრულებაზე თანამშრომლობის ხელშეკრულება 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა. ამის შემდეგ მთავრობამ პროექტის მმართველ კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები 1 წლით რამდენჯერმე გადაუვადა. წელს ვადის გახანგრძლივება მესამედ მოხდა.
82-ე დადგენილების შესაბამისად, ირაკლი კობახიძემ განკარგულებაც გამოსცა. 26 თებერვალს გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებაში ცვლილება შევიდა და მხარეთა შორის ხელშეკრულების ხელმომწერის უფლებამოსილება ეკონომიკის მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს მიანიჭა.
რაც შეეხება "ასი გრუპ ჯორჯიას" ვალდებულების ვადებს, რომელიც მთავრობამ კიდევ ერთხელ დააკორექტირა, 82-ე დადგენილებით ცვლილება შევიდა „საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ოქტომბრის 479-ე დადგენილებაში. უფრო კონკრეტულად კი:
- საგარეჯოს თიზის ფუნქციონირების ვადის დაწყებად 2027 წლის 1-ელი მარტი განისაზღვრა. აქამდე თიზი 2026 წლის 1-ელ მარტს უნდა ამოქმედებულიყო.
- საგარეჯოს თიზ-ის ამოქმედებისთვის, „ასი გრუპ ჯორჯია“ ვალდებულია 2027 წლის პირველ იანვრამდე სოფელ ბოგდანოვკაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისთვის საჭირო შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში გაწერილი პირობები შეასრულოს. რაც მოიცავს: თიზ-ის ტერიტორიაზე შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა და ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
- ასევე, "ასი გრუპ ჯორჯია" ვალდებულია 2027 წლის პირველ იანვრამდე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა შეიმუშაოს და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „ასი გრუპ ჯორჯია“, რომელიც საგარეჯოში თიზის პროექტს მართავს, 2021 წელს არის რეგისტრირებული. მისი 80%-იანი წილის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია ACE Group International B.V-ია, ხოლო 20%-იანი წილს საქართველო-იორდანიის ორმაგი მოქალაქე ოსამა ალ შანტი ფლობს. კომპანიის დირექტორი ეგვიპტის მოქალაქე აჰმედ დიააელდინ ანდელმოათი ელგჰონემია.
კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ACE Group-ი ძირითადად ქიმიური მრეწველობით არის დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია, რა პროექტის განვითარებას გეგმავს კომპანია საგარეჯოს თიზ-ში.
უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჭრილში კომპანია "ასი გრუპ ჯორჯია" TOP-10 ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალშია.




























