საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ავალებს ქალაქ სიღნაღის განვითარებისათვის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავებას. დოკუმენტი 2026 წლის 3 ივნისით თარიღდება და მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
მიღებული განკარგულების მიხედვით, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალა შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
- დასაგეგმარებელი საორიენტაციო ტერიტორიის (გეგმარებითი ერთეულის) მოწესრიგებული და დაბალანსებული განვითარების მიზნით საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავება;
- მომზადებული გეგმის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო უწყებებს დაევალათ, ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეთხოვა, სააგენტოსთან კოორდინაციით ხელი შეუწყონ განკარგულებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებას. აქტს თან ერთვის დანართი №1, რომელზეც ასახულია გეგმარებითი ერთეულის საორიენტაციო საზღვარი.




























