სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თანახმად, აღნიშნულ არბიტრაჟში მთავრობის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული კომპანია White & Case-ი იცავდა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ გაწეული სერვისისთვის 25,074,951 ლარი გადაუხადა. გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, საქმეს კომპანიის მხრიდან იურისტი ჩარლზ ნაირაკი უძღვებოდა, რომლის ჰონორარიც დავებში მონაწილეობისას საათში 1,055 დოლარს შეადგენდა.
საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანია ENKA Insaat-თან, რომელიც ნამახვანის ჰესის პროექტს ახორციელებდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წააგო - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, საქართველოსთვის დაკისრებული კომპენსაცია 383.2 მილიონი დოლარია, რაც მიმდინარე გაცვლითი კურსით 1 მილიარდ ლარს აღემატება.
საარბიტრაჟო დავა მოჰყვა კომპანია ENKA-s მიერ 2021 წლის 22 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო შეთანხმების დარღვევის და შექმნილი ფორსმაჟორის გამო საინვესტიციო შეთანხმებიდან გადიოდნენ.
"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეულმა ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ საარბიტრაჟო დავა გრძელდება, თუმცა ამასთან მან თქვა, რომ საქართველოს შესაძლოა, მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა მოუწიოს. იუსტიციის სამინისტროს, ჯერჯერობით, საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
Enka Renewables, რომელიც კომპანია ENKA-ს შვილობილია, 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.
კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამახვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.