მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ ფქვილზე სუბსიდია გაზარდა - ტომარა ფქვილი 10 ლარის ნაცვლად, 15 ლარით დაფინანსდება

600a8735a3bc4
BM.GE
22.01.21 11:50
1457
საქართველოს მთავრობამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის დაფინანსების გაზრდის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მის შედეგად, პურ-პროდუქტების წარმოებისთვის განკუთვნილი ფქვილის სუბსიდირების მოცულობა ერთ ტომარაზე (50 კგ.) 10 ლარის ნაცვლად, 15 ლარი იქნება. 

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სუბსიდირების გაზრდილი მოცულობა 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე იმოქმედებს. 

პროგრამის დაფინანსების ზრდის მიზეზი იმპორტირებული ხორბლის გაძვირებაა. ნედლეულის ფასის ზრდის გამო, მთავრობამ ქვეყანაში პურის ფასების შენარჩუნების მიზნით, სუბსიდირება 2020 წლის 1 დეკემბერს დაიწყო. მისი მიხედვით, სუბსიდიის ბენეფიციარებს პურ-პროდუქტების მწარმოებელი საწარმოებისთვის ტომარა ფქვილის 53 ლარზე ძვირად გაყიდვა ეკრძალებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის მინიმუმ 50,000-ლარიანი ჯარიმები არის გათვალისწინებული. 

რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ პროგრამის დაფინანსების ზრდის შესახებ მიმდინარეობდა განხილვები, რისი მიზეზიც იმპორტირებული ხორბლის გაძვირება იყო. 

ფქვილის სუბსიდირების 4 თვიანი პერიოდი ორ ნაწილად იყოფა. ერთი ტენდერი, რომელშიც 8 წისქვილკომბინატი იღებს მონაწილეობას 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. არსებული ინფორმაციით, მეორე ეტაპის ტენდერი კომპანიების ინფორმაციით, სავარაუდოდ, 25 იანვარს უნდა გამოცხადდეს. 

სუბსიდირების ბიუჯეტი თავდაპირველი პროექტის თანახმად, 10 მილიონ ლარს შეადგენდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები