საქართველოს მთავრობამ „ამბლიფლაის“ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და 6 თებერვლით არის დათარიღებული.
ეს მეოთხე კომპანიაა, რომელსაც ინოვაციური სტარტაპის სტატუსი 1 წლის ვადით მიენიჭა. მანამდე - 21 იანვარს, სტატუსი Retain-მა, AI Solutions-მა და Helio AI-მ მიიღეს.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „ამბლიფაის“ 2025 წლის 11 ივნისს არის რეგისტრირებული. მისი წილების მფლობელები არიან: თინათინ ჯიქურაშვილი - 30%; ნინო კობახიძე - 30%; მარიამ მხეიძე - 30%; გიორგი კობახიძე - 5%; საბა დეკანოსიძე - 5%.
2025 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ინოვაციური სტარტაპების იურიდიული სტატუსი განისაზღვრა. იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ 10,000 ლარამდე გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება გაუუქმდებათ.
ამ საგადასახადო შეღავათის მისაღებად შესაბამისი იურიდიული სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება სამ კატეგორიაში:
- ინოვაციური სტარტაპი;
- ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია;
- კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია
ამასთან, 2025 წლის დასაწყისში მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა.




























