საქართველოს მთავრობამ შპს „ვ მ ინდასთრის" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე განკარგულება მიიღო.
საქმე ისაა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში 4 946 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 2020 წელს, 5 001 ლარად იყიდა. აუქციონში ჩადებული საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად, მას მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიციით, ხელშეკრულების დადებიდან 48 თვეში, ანუ 2024 წლის 30 ოქტომბრამდე, სასტუმრო კომპლექსი უნდა აეშენებინა, თუმცა როგორც ირკვევა, კომპანიამ ვადები ვერ დაიცვა.
2024 წლის 26 დეკემბრის განკარგულებით, კომპანიას საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების ვადა ერთი წლით, 2025 წლის 30 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდა.
ამასთან, შპს „ვ მ ინდასთრი" ვალდებულია, წარადგინოს 2020 წელს დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ინვესტიციის მინიმუმ 5% წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის სახით, რაც საპრივატიზებო პირობების შესრულებას, ასევე დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდას მოხმარდება.
კომპანიამ, საპრივატიზებო პირობის შეცვლისთვის, კანონის შესაბამისად განსაზღვრული საფასური, 32 936 ლარიც უნდა გადაიხადოს.
საჯარო რეესტრის მიხედვით, „ვ მ ინდასთრი“ 2018 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. მისი 50% წილის მფლობელი ვლადიმერ ფანგანია, ხოლო მეორე ნახევრის - ლინა მა. კომპანიის ხელმძღვანელ პოზიციებსაც მეწილეები იკავებენ.