მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ ჯარის ქალაქის პროექტი გააფართოვა

ჯარის ქალაქი

თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ჯარის ქალაქის პროექტი გაფართოვდა. 43 ახალი კორპუსის ნაცვლად, პროექტი 44 კორპუსამდე, 1232 ბინამდე გაიზარდა. 19 მაისის განკარგულების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს უფლება მიეცა კონტრაქტორ კომპანია "ანაგთან" 144 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი 147 მილიონ ლარამდე გაეზარდა.

პროექტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების ბინებით დაკმაყოფილებისთვის 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები შენდება. ამ კორპუსებში სამხედრო მოსამსახურეები უძრავ ქონებას სპეციალური ფასდაკლებული პირობებით შეისყიდიან.

კომპანიასთან სამშენებლო ხელშეკრულება გასული წლის ნოემბერში გაფორმდა და ის 1202 ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტს ავანსის სახით 30 მილიონი ლარი უკვე გადახდილი აქვს.

თავდაცვის სამინისტრომ ჯარის ქალაქის მეორე ფაზის მასშტაბი ერთხელ უკვე გაზარდა, კერძოდ კი, გასულ წელს პროექტის აღწერაში მითითებული იყო 39 კორპუსის მშენებლობა და ტენდერიც 1092 ბინის მშენებლობისთვის გამოცხადდა, შემდგომ კი კომპანია "ანაგთან" კორპუსების რიცხვი 43-მდე გაიზარდა (1202 ბინა), ახლა კი ის დამატებით 44 კორპუსამდე (1232 ბინამდე) გაიზარდა.

ჯარის ქალაქის მშენებლობა მთავრობამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მისი პირველი ფაზა უკვე ექსპლუატაციაშია შესული. აღნიშნული პროექტი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა სამშენებლო კომპანია "დელტა მშენებელმა" ააშენა, ჯარის ქალაქის მეორე ფაზისთვის კი, მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც გასული წლის ნოემბერში კომპანია "ანაგმა" გაიმარჯვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები