საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში კარანტინის სივრცეების მოწყობაზე დამატებით 14 მილიონი ლარი დახარჯა - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტების მიხედვით, ტურიზმის ადმინისტრაციამ კარანტინის ზონების და კოვიდ სასტუმროების დასაქირავებლად, გამარტივებული წესით ხელშეკრულებები უკვე გააფორმა. მათ შორის ყველაზე მსხვილი 1.2 მილიონიანი კონტრაქტი "აჭარა ჯგუფთან" გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც 200 ნომრის დაქირავება იგეგმება. ხელშეკრულების თანახმად, ერთი ღამით საკარანტინე ნომრის დაქირავების ტარიფი 90 ლარი იქნება, მის კვებაზე კი 25 ლარი დაიხარჯება.
2020 განმავლობაში როგორც ტურიზმის ადმინისტრაციამ, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებებმა, საკარანტინედ სასტუმროების დაქირავებაზე 120 მილიონამდე თანხა დახარჯეს. მათ შორის ყველაზე დიდი ღირებულების ხელშეკრულებები შპს "მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან" არის გაფორმებული, რომელთა ჯამური ღირებულებაც 19.4 მილიონი ლარია.