მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ კომპანიებს SICPA-სგან თამბაქოს აქციზური მარკის შესყიდვის საფასური გაუძვირა

6377d7ded7636
BM.GE
19.11.22 00:00
974
საქართველოში თამბაქოს აქციზის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი გაძვირდა - შესაბამისი ცვლილება გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შევიდა. მისი მიხედვით განსაზღვრული იყო ის საფასური, რომელშიც თამბაქოს კომპანიები აქციზურ მარკებს ყიდულობდნენ.

თამბაქოს აქციზი რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება - პირველია აქციზის განაკვეთი, რაც 20 ღერის სიგარეტის შეკვრაზე 2.2 ლარს შეადგენს. მეორეა ადვალური აქციზის განაკვეთი, რაც სიგარეტის საბოლოო ღირებულების 30%-ს შეადგენს და ის ცვალებად გადასახადს წარმოადგენს. მაგალითად, თუკი ამჟამად სიგარეტის კოლოფი ღირს 7 ლარი, მასში 2.2 ლარი არის საბაზო აქციზი, 2.1 ლარი კი ადვალური აქციზი. (ჯამში ამ ორი აქციზის ღირებულება 4.3 ლარი). თუკი კომპანია გადაწყვეტს რომ სიგარეტი გააძვიროს, მაშინ მისი ადვალური გადასახადის განაკვეთიც ავტომატურად იზრდება. მაგალითად თუ სარეალიზაციო ფასი გახდება 7.5 ლარი, მაშინ ადვალური აქციზის საფასური 2.25 ლარამდე იზრდება.

ამ ორი აქციზის გარდა, არსებობს კიდევ მესამე გადასახადიც, რასაც თამბაქოს კომპანიები იხდიან. თუმცა ეს თანხა არა ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ იმ კომპანიაში მიიმართება, რომელიც სახელმწიფოს მიერ აქციზური საქონლის მონიტორინგისა და ვერიფიკაციისთვის არის დაქირავებული. ამ სერვისს მთავრობას შვეიცარული კორპორაცია “SICPA” უწევს. სწორედ მისგან ყიდულობენ კომპანიები აქციზურ მარკებს, ხოლო ამ მარკების საფასური ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით იყო განსაზღვრული.

აქამდე 1,000 კოლოფისთვის განკუთვნილი 1,000 აქციზური მარკა 11 ევრო ღირდა (ერთი კოლოფის აქციზური მარკა 1.1 ევრო ცენტი, ანუ 3.1 თეთრი). ახალი ტარიფით კი 1,000 აქციზური მარკა 18 დოლარი ეღირება, რაც ერთ კოლოფზე 1.8 ცენტს, ანუ 5.1 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, ფასის ნაზრდი ამ მხრივ 2 თეთრს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 2022 წლის 9 თვეში საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე 215 მილიონი ინდივიდუალური სააქციზო მარკა გაიცა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.5 მილიონი აქციზური მარკით, ანუ 18.3%-ით მეტია. ხაზინის თანახმად კი, ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან 597 მილიონი ლარის შემოსავალი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 60 მილიონი ლარით მეტია.

ჯერჯერობით უცნობია SICPA-სთვის გადასახდელი თანხის მატება როგორ აისახება თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციო ფასებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები