"ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი „დანერგე მომავლის“ პროგრამის მეშვეობით გავაშენეთ 2 500 ჰექტარზე მეტი მოცვის ბაღი და სხვა კენკროვანი კულტურები, საიდანაც მომავალ წლებში 20-25 ათას ტონა მოსავალს მივიღებთ" - ამის შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტი 100%-ით გაიზარდა.
„წელს გვქონდა მოცვის ექსპორტის 100%-იანი ზრდა და განხორციელდა 3 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი, დაახლოებით, 18 მლნ ლარის ღირებულების და, როგორც გითხარით, ამ ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდგომ, ჩვენ გვექნება საკმაოდ დიდი მოსავალი, რაც დასავლეთ საქართველოში ჩვენი ფერმერების შემოსვლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
დღეს გამართულ სხდომაზე მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის პირობებზეც მინისტრმა ისაუბრა.
„კენკროვანი კულტურები მალფუჭებადია და მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ჩვენს ფერმერებს, შექმნან სამაცივრე მეურნეობები და შემდეგ ეტაპობრივად მოახდინონ პროდუქტის რეალიზება. ეს პროექტიც ამ შინაარსის მატარებელია.
ჩვენ დავაფინანსებთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებსაც ჯამურად მინიმუმ 10 ჰა. კენკროვანი ბაღი ექნებათ და თანადაფინანსება იქნება პროექტის მთლიანი ღირებულების 70%, არაუმეტეს 250 000 ლარისა ერთ კოოპერაციაში“ - განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამა ფერმერების კოოპერაციაში გაერთიანებას წაახალისებს: „ეს მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება, რომ მცირე და საშუალო ფერმერები გაერთიანდნენ კოოპერაციაში და საკმაოდ მაღალი დაფინანსებით მივცემთ საშუალებას, ჰქონდეთ თანამედროვე შემნახველი მაცივრები, რომლებიც ამ პროდუქტის შემდგომ რეალიზებას შეუწყობს ხელს“.