მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ „ლაზიკა რეზიდენსს“ თავისივე მშენებარე პროექტის მიწა ₾950 000-ად გადასცა - რას პატიობს და ავალდებულებს სახელმწიფო კომპანიას?

ლაზიკა რეზიდენსი

სოფელ განმუხურში იქ, სადაც „ლაზიკა რეზიდენსი“ მულტიფუნქციურ კომპლექსს აშენებდა, სახელმწიფომ კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 950 000-ლარიანი საპრივატიზაციო თანხის სანაცვლოდ გადასცა და სასტუმროს აშენების პირობით ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლა.

23 ოქტომბრით დათარიღებული 1718-ე განკარგულებით კომპანიას 14 686 კვ.მ.-ის ფართის ის მიწის ნაკვეთი გადაეცა, რომელზეც უკვე მისივე მშენებარე 16 289 კვ.მ. -ის ფართის შენობა-ნაგებობაა განთავსებული.

როგორც ცნობილია, „ლაზიკა რეზიდენსს“ პროექტი 2025 წლამდე უნდა დაესრულებინა. პროექტი 14.000 კვ.მ-ზე 9-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებდა. მას 100-ნომრიანი სასტუმრო და 205 საცხოვრებელ ბინა, კომერციული ფართები, რესტორანი, სპა, აუზი და სავარჯიშო დარბაზი უნდა გაეერთიანებინა.

კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონება გარკვეული პირობებით გადაეცა. „ლაზიკა რეზიდენსმა“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე პირადად ან მესამე პირის მეშვეობით 212-ნომარიანი სასტუმრო უნდა ააშენოს და აამოქმედოს. 1 თვის ვადაში კი მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე 24 871 ლარი ფულადი კომპენსაცია უნდა გადაიხადოს.

თუმცა განკარგულების მიხედვით, მთავრობა „ლაზიკა რეზიდენსს“ ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან 2011 წლის 27 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით ვალდებულებების შეუსრულებლობას და ამ ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დაკისრებულ პირგასამტეხლოს იმ პირობით ათავისუფლებს, თუ ის 1 წელიწადში გადაიხდის საპრივატიზაციო 950 000 ლარს და აამოქმედებს სასტუმროს.

„საქართველოს ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49¹ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ლაზიკა რეზიდენსი (ს/ნ 419983824) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ლაზიკა რეზიდენსს (ყოფილი: შპს განმუხურის სასტუმრო) შორის 2011 წლის 27 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისა და 3.1.7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო ამავე ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული (მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „განმუხურის სასტუმროსთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 მაისის #18/05/03 განკარგულებით განსაზღვრული საპრივატიზაციო პირობებისგან განსვავებული პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აგვისტოს #1797 განკარგულებაში ცვლილებების შეტანისა დ შპს „განმუხურის სასტუმროს“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 სექტემბრის 1566-ე განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე პირობითი ნაპატიები და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო აღდგენილი) პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ შპს ლაზიკა რეზიოდენსი შეასრულებს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისიწნებულ საპრივატიზებო პირობებს“, - წერია განკარგულებაში.

საჯარო ამონაწეის მიხედვით, სოფელ განმუხურში აღნიშნული ქონება კომპანიას 30 ოქტომბერს გადაუფორმდა.

რეესტრის მიხედვით, კომპანია „ლაზიკა რეზიდენსი“ 2011 წელს დაფუძნებლი კომპანიაა, რომლის წილებსაც დღეისთვის თეიმურაზ ჩიქოვანი (50%), ბესიკ ჩიქოვანი (33%) და პაატა გოგოხია (17%) მართავენ.

BMG პროექტისა და კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევას "ლაზიკა რეზიდენსთან" შეეცდება და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები