საქართველოს მთავრობამ კომპანია „მომავლის ენერგიას“ დმანისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჯამურად 11.2 ჰა-ის ფართობის 15 მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით 49 წლით გადასცა.
მთავრობის მიერ დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტნუსში 4 ნაკვეთის, სოფელ განთიადში 3 ნაკვეთის, ამალოში 2 ნაკვეთის, დიდ დმანისში 2 ნაკვეთის და სოფელ ვარდისუბანში 4 ნაკვეთის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ პრემიერის მიერ ხელმოწერილი 554-ე, 567-ე და 575-ე განკარგულება ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
კონკრეტულად კი სოფელ ტნუსში 4 მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ კომპანიამ 49 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 13 645 ლარი უნდა გადაიხადოს და ამასთან, განკარგულებით გადაცემული უძრავი ქონება „მომავლის ენერგიამ“ 2022 წლის 9 მარტს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგური „მაშავერა 1 ჰესი“ უნდა ააშენოს და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში უნდა გაუშვას.
დმანისის სოფელ განთიადში, ამალოსა და დიდ დმანისში გადაცემული მიწის 7 ნაკვეთის სანაცვლოდ ყოველწლიურად „მომავლის ენერგიამ“ 7 301 ლარი უნდა გადაიხადოს და მთავრობასთან დადებული იმავე ხელშეკრულებით ჰიდროელექტროსადგური „მაშავერა 2 ჰესი“ უნდა ააშენოს და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ექსპლუატაციაში უნდა გაუშვას.
მთავრობის მესამე განკარგულება დმანისის სოფელ ვარდისუბანში 4 მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 49 წლის განმავლობაში ყოველწიურად კომპანიას 15 366 ლარის გადახდის პირობით გადაეცემა, ამასთან კომპანიამ „მაშავერა 3 ჰესი“ უნდა ააშენოს და 2022 წლის 9 მარტს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში უნდა გაუშვას.
„მომავლის ენერგიის“ მიერ სამი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დეტალებთან დაკავშირებით bm.ge „მომავლის ენერგიის“ წარმომადგენლებსაც მიმართავს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.