მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ RMG ჯგუფის კომპანიას ოქრო-ვერცხლის მოპოვების მოცულობები გაუზარდა | „ჯორჯიან გოლდ კომპანის“ ვალდებულებები

ოქროს მოპოვება

მთავრობამ RMG ჯგუფში შემავალ კომპანიას ოქროსა და ვერცხლის მოპოვების მოცულობები გაუზარდა - ამას პრემიერ კობახიძის მიერ 10 ნოემბერს ხელმოწერილი 2 614-ე განკარგულება ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, ცვლილება შეეტანა შპს „ჯორჯიან გოლდ კომპანიზე“ 2023 წლის 1 ივნისს გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 552-ე ლიცენზია-ბრძანებაში, რომელიც „ბნელიხევის“ ოქრო-პოლიმეტალური საბადოდან ოქროსშემცველი მადნების მოპოვების მოცულობებს ადგენს.

უფრო კონკრეტულად, კომპანიას ოქროს მოსაპოვებელი მოცულობა 2025 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით დამტკიცებული მარაგების ფარგლებში - 1 260 კგ-მდე, ვერცხლის კი 1 875 კგ-მდე გაეზარდა. 2025 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დამტკიცებული მარაგების ფარგლებში კი მოცულობები ოქროზე - 2 125 კგ-მდე, ვერცხლზე კი 6250 კგ-მდე გაიზარდა. ამასთან, მოსაპოვებელი ძვირფასი ლითონების თავდაპირველი მოცულობები განკარგულებაში აღნიშნული არ არის.

განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ „ჯორჯიან გოლდ კომპანიმ“ ძვირფასი ლითონების მოპოვების გაზრდილ მოცულობებზე ბიუჯეტში ჯამში 2 184 469 ლარი ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ ვადაში უნდა გადაიხადოს. აქედან 726 276 ლარი - ერთ შემთხვევაში, ხოლო 1 458 193 ლარი - მეორეში.

მითითებული მოცულობების ფარგლებში, ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე, ანუ 2041 წლის 13 ოქტომბრამდე, ლიცენზიის გამცემი ოდენობებს ლიცენზიაში ცვლილების შეტანისას, ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავს.

წარსადგენი ინფორმაციისა და მონაცემების უტყუარობაზე პასუხისმგებელი ლიცენზიის მფლობელი - "ჯორჯიან გოლდ კომპანია".

ბიზნესრეესტრის მიხედვით, კომპანია „ჯორჯიან გოლდ კომპანი“ 2017 წელსაა რეგისტრირებული და „კავკასიის სამთო ჯგუფის“ მფლობელობაშია, რომელსაც, თავის მხრივ, შპს "მაინინგ ინვესთმენთსი" ფლობს. ეს კომპანია „არემჯი გოლდის“ 96.21%-იანი წილის მფლობელია. ყველა კომპანიაში დირექტორის პოზიციას ჯონდო შუბითიძე იკავებს.

„მაინინგ ინვესთმენთს“ სამეთვალყურეო საბჭო ფლობს, რომლის წევრი და თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ტროიცკია, თავმჯდომარის მოადგილე - კახაბერ მჭედლიშვილი, წევრი კი ასევე რუსეთის მოქალაქე დიმიტრი კორჟევია.

აღსანიშნია, რომ ამ კომპანიის 100%-იან წილს კვიპროსში რეგისტრირებული „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“ ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები