საქართველოს მთავრობამ შვეიცარულ ფარმაცევტულ კომპანია Roche-სთან ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესაძენად 111 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მოაწერა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო, შვეიცარიული კომპანიისგან სხვადასხვა დასახელების პრეპარატს პირდაპირი წესით, მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს.
“მედიკამენტების, უშუალოდ მწარმოებლებისგან შესყიდვის შედეგად, სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა მეტ პაციენტს დაუფინანსოს მკურნალობა და მკურნალობის კურსის გათვალისწინებით, გაუზარდოს დაფინანსებული წამლების რაოდენობა. ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიოს იმ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის. ცვლილების მიზანი, მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა,”- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ონკოპაციენტებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი კომპანია, ამაყია იმით, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, ქართველი პაციენტების, ინოვაციურ, ონკოლოგიურ თერაპიებზე ხელმისაწვდომობა იქნება უზრუნველყოფილი,"- განაცხადა Roche-ის რეგიონულმა დირექტორმა ანდრიანო ტრევემ.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ჯერ არ გამოქვეყნებულა. პროექტს სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით ახორციელებს. გამარტივებული პროცედურით 111,131,636 ლარის ღირებულების მედიკამენტების შესყიდვაზე სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვა 11 ოქტომბერს მიიღო.
შესყიდვის აღწერის თანახმად, ის 2023; 2024 და 2025 წლების განმავლობაში განხორციელდება.