საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია თანამდებობიდან გადააყენა. დოკუმენტი 26 სექტემბრით არის დათარიღებული.
საქმე ის არის, რომ გიორგი გუგუჩია მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 97 ადგილს იკავებს.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27¹ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს გიორგი გუგუჩია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში) სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობიდან 2024 წლის 26 სექტემბრიდან", - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც BM.GE-ის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რწმუნებულის მოვალეობას ამ დროისთვის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი ასრულებს, რომელიც პირველი მოადგილის პოზიციას 2021 წლის 21 აპრილიდან იკავებს.