მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას სთავაზობს ვიზიტორებს „ენგური ატრაქცია“ და რა ფასად?

64b00621dce20
სალომე ხიდურელი
15.07.23 10:20
3219
ენგურჰესის კაშხალმა, მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისიდან ვიზიტორების მიღება დაიწყო, 60 000 სტუმარს უმასპინძლა. ამის შესახებ BM.GE-ს „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა. როგორც ანთიძე აღნიშნავს, ენგურზე, როგორც ტურისტულ ობიექტზე, მოთხოვნა მზარდია.

„შარშანდელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან მაისიდან, როდესაც ინფრასტრუქტურა მინიმალიზებული იყო, წლევანდელ მაისამდე 40 000 სტუმარი გვყავდა, მაისიდან ივნისამდე კი - 20 000, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა მზარდია. ვფიქრობთ, რომ ახალი ლოკაციისთვის ეს შთამბეჭდავი შედეგია.

ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ინტენსიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების ნორმების დანერგვაზე. ვფიქრობთ, ციფრული ინსტალაციები, კინოთეატრის სივრცე, მუზეუმი, რომლებიც წელს ამოქმედდა, კიდევ უფრო ზრდის ჩვენზე ცნობადობას, რაც კერძო სექტორის მოზიდვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე და დასძენს, რომ „ენგური ატრაქციის“ ტურები და ციფრული ინსტალაციები ყველა სეგმენტზეა გათვლილი და მას წლის განმავლობაში, როგორც ადგილობრივი დამსვენებელი, ისე უცხოელი ტურისტიც სტუმრობს:

„გვიკავშირდებიან ტურისტული კომპანიები, სკოლის მოსწავლეები, ქართველები, უცხოელები... გამორჩევა, რომ რომელიმე სეგმენტი უფრო მეტად დადის, არ შეგვიძლია“.

„ენგური ატრაქცია“ ვიზიტორებს სამი სახის ტურს სთავაზობს, რომელთა ღირებულებაც 4, 10 და 30 ლარია.

„გვაქვს საფეხმავლო ტური, რომელიც კაშხალზე გადახედვასა და კინოთეატრის სივრცის დათვალიერებას მოიცავს და მისი ფასი 4 ლარია.

10 ლარი ღირს მოკლე ტური, რომელიც ავტობუსით კაშხალზე გადასვლას გულისხმობს.

სრული ტური კი 30 ლარი ჯდება, რომელიც, დაახლოებით, 2.5 საათი გრძელდება და აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, მათ შორის კაშხლის შიგნით საგვირაბე სისტემებსაც, მოიცავს“, - ამბობს ანთიძე და დასძენს, რომ თითოეულ ტურზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები - სკოლის მოსწავლეებზე, პენსიონერებსა და სტუდენტებზე 50%-იანი ფასდაკლება, ხოლო 6-წლამდე ბავშვებისთვისა და ომის ვეტერანებისთვის ვიზიტი უფასოა.

შეგახსენებთ, ენგურჰესის კაშხალზე „მსოფლიო დონის ატრაქციის“ პროექტი 2018 წელს შეიქმნა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გადასახედი მოედნების, საბაგიროების, საკონცერტო სივრცისა და სხვა ატრაქციების მოწყობას ითვალისწინებს. კაშხალზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანია „ენგური ატრაქციაა“, რომელიც 2022 წელს შპს „ენგურჰესის“ დაქვემდებარებაში გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები