მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ საპრივატიზაციოდ 300 მლნ ლარის ქონება გამოიტანა და 60 მილიონის გაყიდა

607985447475c
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.21 16:44
1332
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შეფასებით, პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 2021 წლის პირველი აუქციონები წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბიზნესისთვის წარდგენილი 150-ზე მეტი ქონებიდან პრივატიზებული 109 ლოტის ღირებულებამ 60 მლნ ლარს გადააჭარბა.

„აუქციონების დასრულებამდე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად, ვაჭრობის პროცესი წარმატებით დასრულდა და ყველა მონაწილეს საშუალება მიეცა, დაუბრკოლებლად დაეფიქსირებინა საკუთარი შეთავაზება.

პროგრამის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ტიპის ქონება, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები.

სააგენტომ ბიზნესსექტორს 300 მილიონ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი შესთავაზა, საიდანაც 109 ლოტზე ვაჭრობის შედეგად საწყისი ორმოცი მილიონი ლარიდან საბოლოო შედეგმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული 9 სახელმწიფო საწარმოდან პრივატიზებულ ქონებას შორის 1 სახელმწიფო საწარმო თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იანი წილია.

„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოვდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება “ 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით ჯამში 151 878 251 ლარის ღირებულების 224 ერთეული ქონებაა პრივატიზებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები