2024 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 642 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 64 მილიონი ლარით, ანუ 11%-ით არის გაზრდილი.
ამავე პერიოდში საქართველომ უცხოეთიდან 1.3 მილიარდი დოლარის (ზრდა 12%) 1.59 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, აქედან $520 მილიონის საწვავი რუსეთიდან, $183 მილიონის - ბულგარეთიდან, $164 მილიონის - რუმინეთიდან, $77 მილიონის - თურქეთიდან და $76 მილიონის ღირებულების საწვავი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტის შემოსავლები აქციზიდან საწვავის სახეობების მიხედვით ასე ნაწილდება:
- ბენზინი - 338 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 11%;
- დიზელი - 262 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 11%;
- სხვა ნავთობპროდუქტები - 43 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 9%.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში რეალიზებული თითოეული ლიტრი საწვავი 38 თეთრის სააქციზო განაკვეთით იბეგრება, შესაბამისად, თუკი 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი ამჟამად 2.95 ლარი ღირს, მასში აქციზზე 38 თეთრი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ) 53 თეთრი მოდის, შესაბამისად ამ ორი გადასახადის წილი საბოლოო ფასში 91 თეთრს შეადგენს.
ამჟამად ერთი ტონა ბენზინის ფასი 693 დოლარს შეადგენს, ერთი ტონა საწვავი მისი სიმკვრივიდან გამომდინარე 1318 ლიტრს შეადგენს. შესაბამისად, ერთი ლიტრი საწვავის თვითღირებულება მსოფლიო ბირჟაზე 0.53 ცენტია, რაც 1.49 ლარს შეადგენს. აღნიშნულს ემატება ლოგისტიკის და ნავთობიმპორტიორი კომპანიის მოგების მარჟები, რაც მთლიანობაში 55 თეთრის ფარგლებშია.
არსებული მდგომარეობით, ერთი ლიტრი რეგულარის მარკის საწვავის შეძენა სახელმწიფო ბიუჯეტს 2.31 ლარი უჯდება, რაც მის საცალო ფასთან შედარებით 64 თეთრით ნაკლებია.