2024 წლის 11 თვეში საქართველოს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 586 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით, ანუ 11%-ით არის გაზრდილი.
ამავე პერიოდში საქართველომ უცხოეთიდან 1.2 მილიარდი დოლარის (ზრდა 13%) 1.43 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, აქედან $472 მილიონის საწვავი რუსეთიდან, $154 მილიონის - ბულგარეთიდან, $150 მილიონის - რუმინეთიდან, $76 მილიონის - აზერბაიჯანიდან და $70 მილიონის ღირებულების საწვავი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა.
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტის შემოსავლები აქციზიდან საწვავის სახეობების მიხედვით ასე ნაწილდება:
- ბენზინი - 307 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 11%;
- დიზელი - 241 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 11%;
- სხვა ნავთობპროდუქტები - 39 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 9%.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში რეალიზებული თითოეული ლიტრი საწვავი 38 თეთრის სააქციზო განაკვეთით იბეგრება, შესაბამისად, თუკი 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი ამჟამად 2.95 ლარი ღირს, მასში აქციზზე 38 თეთრი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ) 53 თეთრი მოდის, შესაბამისად ამ ორი გადასახადის წილი საბოლოო ფასში 91 თეთრს შეადგენს.