2025 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 447 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით არის გაზრდილი.
ამავე პერიოდში საქართველომ უცხოეთიდან 846 მლნ დოლარის (ზრდა 12%) 1.1 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად ნავთობის იმპორტი 4%-ით არის შემცირებული, თუმცა რაოდენობრივად მისი მოცულობა 8%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის მიზეზი კი გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებაა, რაც განსაკუთრებულად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აღინიშნებოდა.
ნავთობის მომწოდებელ ქვეყნებს შორის საქართველოსთვის პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, საიდანაც წელს 357 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავის შეძენა მოხდა. თანხობრივად რუსეთიდან საწვავის მოწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით არის შემცირებული.
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, ბიუჯეტის შემოსავლები აქციზიდან საწვავის სახეობების მიხედვით ასე ნაწილდება:
- ბენზინი - 240 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 0%;
- დიზელი - 173 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 0.4%;
- სხვა ნავთობპროდუქტები - 33 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 22%.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში რეალიზებული თითოეული ლიტრი საწვავი 38 თეთრის სააქციზო განაკვეთით იბეგრება, შესაბამისად, თუკი 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი ამჟამად 2.95 ლარი ღირს, მასში აქციზზე 38 თეთრი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ) 53 თეთრი მოდის, შესაბამისად ამ ორი გადასახადის წილი საბოლოო ფასში 91 თეთრს შეადგენს.
უფრო დეტალურად 2025 წლის რვა თვეში საწვავის იმპორტის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
| # | ქვეყანა | საწვავის იმპორტი თანხობრივად | მოცულობა (ტონა) | ზრდა/კლება პროცენტულად |
| 1 | რუსეთი | $357 მილიონი დოლარი; | 510,696 ტონა; | -2% |
| 2 | რუმინეთი | $159 მილიონი დოლარი; | 211,349 ტონა; | 71% |
| 3 | ბულგარეთი | $126 მილიონი დოლარი; | 170,843 ტონა; | 19% |
| 4 | თურქეთი | $55 მილიონი დოლარი; | 59,327 ტონა; | 23% |
| 5 | აზერბაიჯანი | $50 მილიონი დოლარი | 72,954 ტონა | -29% |




























