საქართველოს მთავრობამ შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მარაგების შეფასებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. სალიცენზიო არეალი საქართველოს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, სარფიდან-ფოთამდე ტერიტორიას მოიცავს და მას ბლოკი III ეწოდება. აღნიშნული ბლოკის ფართობი 3,468 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
ნავთობისა და გაზის სააგენტოს წინასწარი შეფასებით, ამ სალიცენზიო არეალში ნავთობისა და გაზის რესურსების მარაგების გეოლოგიური კვლევების სავარაუდო ღირებულება 1,050,000 ლარი იქნება.
"პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ოპერირების არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება და ამასთანავე, ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 20, გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების ინტერპრეტირებასთან, გადაფასებასთან და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პროექტი. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების მიზნით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია,"- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მესამე სალიცენზიო ბლოკის ჩრდილოეთით (ფოთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების) მომიჯნავედ მდებარეობს 5282 კვადრატული კილომეტრის ფართობის მეორე სალიცენზიო ბლოკი, რომლის განვითარებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში 2021 წელს გამარჯვებულად რუმინული ენერგოკომპანია OMV Petrom-ი გამოვლინდა. კომპანიას 25-წლიანი ლიცენზია მიენიჭა და მას ადგილზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა, თუმცა 2024 წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ საქართველოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
OMV Petrom-ში განმარტავენ, რომ საქართველოში ამ პროექტის არა ინდივიდუალურად, არამედ პარტნიორებთან ერთად განხორციელებას ისახავდნენ მიზნად, თუმცა იმის გამო, რომ კომპანიამ პარტნიორი ვერ მოძებნა, მათ საბოლოოდ საქართველოდან გასვლა განიზრახეს.
მესამე სალიცენზიო ბლოკის რუკა: