საქართველოში შეიძლება ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭიქების, თეფშების, დანების, საწრუპებისა და სხვა მსგავსი პროდუქციის გაყიდვა აიკრძალოს, ხოლო სახელმწიფო უწყებებს მსგავსი პროდუქტების შესყიდვაც შეეზღუდოთ. შესაბამისი მექანიზმის ასამოქმედებლად პარლამენტი „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი მთავრობას უფლებას აძლევს, განსაკუთრებულ შემთხვევაში აკრძალოს არა მხოლოდ პროდუქტის პირველადი მიწოდება ბაზარზე, არამედ მთლიანი ვაჭრობა, რაც მოქმედი რედაქციით შეუძლებელია.
რა შეიცვლება კანონში?
ცვლილება იგეგმება „ნარჩენების მართვის კოდექსში". ახალი რედაქცია ასეთია:
„განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ აიკრძალოს ან შეიზღუდოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან/და ვაჭრობა.“
ამგვარად, უფლებამოსილება კონცენტრირდება მხოლოდ მთავრობაზე და დაემატა ფრაზა „ან/და ვაჭრობა“, რაც საშუალებას იძლევა არამხოლოდ იმპორტი და პირველი მიწოდება, არამედ შიდა ვაჭრობაც შეიზღუდოს.
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
"ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ეზუგბაიას თქმით, ხელისუფლება ბიზნესთან უკვე შეთანხმდა, რომ ერთჯერადი პლასტმასის ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ანალოგიური პროდუქტები აიკრძალოს.
სახელმწიფო სექტორისთვის დამატებით შესაძლოა დაწესდეს თვითშეზღუდვა. პლასტმასის ჭიქების შესყიდვაზე უარის თქმა, რის საკანონმდებლო საფუძველი სწორედ მიმდინარე ცვლილებებია.
„ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად მივედით შეთანხმებამდე, რომ ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება. ბიზნესსექტორს მიეცემა იმ მარაგების ამოყიდვის საშუალება, რომელიც იმპორტის აკრძალვამდე იქნება შემოტანილი, მაგრამ ამოყიდვის პერიოდის დასრულების შემდგომ უნდა იმართოს შიდა ვაჭრობა.
სახელმწიფო სექტორმა ერთჯერად ჭიქებთან დაკავშირებით შესაძლოა თვითშეზღუდვა განახორციელოს და შესყიდვაზე თქვას უარი, რასაც საკანონმდებლო საფუძველი სჭირდება. გვინდა, რომ სახელმწიფო სექტორი მაგალითის მომცემი და მოწინავე გახდეს იმ კუთხით, რომ ნარჩენების მართვის კუთხით წინ გადაიდგას ნაბიჯი და პლასტიკის ნივთების შეზღუდვა მოხდეს“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ კომიტეტის სხდომაზე.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, საერთაშორისო კვლევებმა აჩვენა, რომ ერთჯერადი პლასტმასის მოხმარება საქართველოში კრიტიკულად მაღალია.
მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული პლასტმასით დაბინძურების შეფასებით, რიონის აუზში ნარჩენების 88% პლასტმასია, რომელთა დიდი ნაწილი ერთჯერადი პროდუქტებია. მდინარეში ნარჩენების სიმჭიდროვე 1.77 ერთეულს/მ² აღწევს, ზოგ ლოკაციაზე კი 4 ერთეულს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის მდინარეების საშუალო მაჩვენებელს (0.5 ერთეული/მ²).
UNDP-ის კვლევამ შემდეგი სურათი აჩვენა: საქართველოში ყოველწლიურად მოიხმარება 613,5 მილიონი ერთეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქცია დაახლოებით 3.9–5.9 ათასი ტონა.




























