საქართველოს მთავრობა სხდომის ოქმების საჯაროდ გამოქვეყნებას დაიწყებს - ამის შესახებ ღია მმართველობის ეროვნული გეგმიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის სხდომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ამჟამად არ საჯაროვდება, მომავალში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ღია მმართველობის ეროვნულ სტრატეგიაში არაა ნათქვამი მოიცავს თუ არა ეს მთავრობის განკარგულებების გასაჯაროებასაც, რასაც მთავრობა 2020 წლიდან არ აქვეყნებს.
“ამჟამად მთავრობის სხდომის ოქმები არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, შედეგად, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. შესაბამისად, მთავრობის გამჭვირვალობის გაზრდის, ასევე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაძლიერების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება მთავრობის სხდომების გამართვამდე სხდომის დღის წესრიგის, ხოლო სხდომების გამართვის შემდგომ – სხდომის ოქმების პროაქტიული გამოქვეყნება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე,”- წერია ღია მმართველობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.
ღია მმართველობის ეროვნული გეგმა 2024-2025 წლებში უნდა განხორციელდეს. გეგმის თანახმად, უშუალოდ მთავრობის სხდომის ოქმების გამოქვეყნება 2024 წლის მეოთხე კვარტალში უნდა დაიწყოს.
ღია მმართველობის ეროვნული გეგმის შესახებ:
საქართველოს მთავრობამ ოთხი წლის შემდეგ პირველად, ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. უკანასკნელი ასეთი სტრატეგია 2018-2019 წლებს მოიცავდა, მას შემდეგ კი ეროვნული სტრატეგიები არ გამოქვეყნებულა, რისთვისაც საქართველომ OGP-ის კრიტიკა დაიმსახურა.
“ღია მმართველობის პარტნიორობა” არის გლობალური ქსელი, რომლის მიზანიც მსოფლიოს ქვეყნებში ინფორმაციის საჯაროობისა და ღია მმართველობის ხელშეწყობაა. ორგანიზაციამ 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა წერილით, რადგანაც საქართველომ არ დაიცვა OGP-ის პროცესი სამოქმედო გეგმის ორი ციკლის პერიოდში და არ წარადგინა 2021-2023 და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმები. აღნიშნულ წერილში OGP-ის აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი აცხადებდა, რომ საქართველომ 2022 წელს დაარღვია ვადები, რაც საქართველოს OGP-ში მონაწილეობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.