მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე განკარგულების გამოქვეყნება კობახიძეს დღემდე არ დაუწყია

ღარიბაშვილი კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გამოცემული მთავრობის განკარგულებების, გასაჯაროება, დაპირების მიუხედავად, ირაკლი კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციას დღემდე არ დაუწყია.

მთავრობის განკარგულებები - ამ ბმულზე 2021-2023 წლებში გამოცემული განკარგულებები არ იძებნება

საქმე ის არის, რომ 3-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ პირველი განკარგულება 2024 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში BMG-ის უთხრეს, რომ მიმდინარეობდა მუშაობა წინა წლების განკარგულებების გამოქვეყნებაზეც.

რატომ არ ქვეყნდება 2021-2023 წლების განმავლობაში გამოუქვეყნებელი მთავრობის განკარგულები და როდის გახდება ირაკლი ღარიბაშვილის დროს გამოცემული განკარგულებების შინაარსი გამჭვირვალე? - BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დროინდელი 80 000-მდე გამოუქვეყნებელი განკარგულების გასაჯაროებაზე მუშაობას აგრძელებენ, რაც გულისხმობს სამართლებრივი აქტების მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

ირაკლი კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციაში უპასუხოდ დატოვეს კითხვა, რატომ დასჭირდა ამდენი დრო განკარგულებების ატვირთვას ან/და როდის აიტვირთება ისინი.

მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელის ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გამოუქვეყნებელი განკარგულებების რაოდენობა 80 000-მდეა.

"ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც დიდი დრო არ დამიხარჯავს მის შეცვლაზე" - ასე გაიმართლა თავი რამდენჯერმე თავად ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც მედიამ ჰკითხა, რატომ არღვევდა კანონს და რატომ იყო გაუმჭვირვალე მთავრობის განკარგულებები.

ირაკლი ღარიბაშვილამდე მთავრობის მეთაური გიორგი გახარია იყო და აღსანიშნავია, რომ მისი პრემიერობის ბოლო ხუთი თვე განკარგულებები არ ქვეყნდებოდა (2020 წლის სექტემბერი - 2021 წლის თებერვალი). დამალული განკარგულებების გამოქვეყნებისკენ "ოცნების" მთავრობას გიორგი გახარიამაც მოუწოდა.

„შემიძლია პრიმიტიული მოთხოვნა დავაყენო - მეგობრებო, გამოვაქვეყნოთ ყველა გამოუქვეყნებელი განკარგულება“

მთავრობის განკარგულებები ძირითადად სხვადასხვა საკითხს, მათ შორის პრივატიზაციებს, მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემებს, საპრივატიზაციო ვალდებულებებში ცვლილებების შეტანას, სასესხო ხელშეკრულებებს და მათ მოდიფიკაციებს, ასევე სხვა მრავალ თემას შეეხება.

2023 წელს მთავრობის თითქმის ყოველი მე-4 განკარგულება სახელმწიფო ქონების გადაცემას ეხებოდა - TI

მთავრობას მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გასაჯაროებისკენ წლების განმავლობაში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები