„საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს მთავრობას, ირაკლი ღარიბაშვილის დროინდელი ყველა განკარგულების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკოსი ჟურნალისტ თეონა გეგელიასთან ყოველკვირეული ინტერვიუს ფორმატში აცხადებს, რომ ამ განკარგულებების გამოქვეყნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგების პრეტენზია კი არა თვითგადარჩენის პრობლემა დაუდგება.
„ხშირად მითქვამს და დღესაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს მსგავს ღარიბ ქვეყანაში არამხოლოდ უზნეობა, ამორალური და დანაშაულია - ქვეყნის ღალატია. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ამ პოზიციაზე ვიქნები ყოველთვის.
აქ მთავარია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დღეს ორი ჩემთვის სასიამოვნო მოლოდინი მაქვს. პირველი - მე მოუთმენლად ველოდები ივანიშვილისგან პასუხს დებატებთან დაკავშირებით და ვისაუბრებ მომავალზე და არა წარსულზე;
მეორე - ჩემი ყველზე დიდი სიამოვნება და დიდი მოლოდინი ის არის თუ როდის გამოქვეყნდება გამოუქვეყნებელი განკარგულებები და როდის დაიწყებენ, მედია, ექსპერტები, ჩვენი საზოგადოება ამ განკარგულებებში გარკვევას. როგორ კი ჩემი შემდგომი პრემიერის განკარგულებები გამოქვეყნდება, „ოცნებას“ არჩევნების მოგების პრეტენზია კი არა თვითგადარჩენის პრობლემა დაუდგება. ამაში დარწმუნებული ვარ და ვთვლი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ - როგორ იქცევა მათი მთავრობა. ეს მოლოდინი იმის უფლებას მაძლევს, რომ სულ უფრო და უფრო დარწმუნებით ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისინი 2024 წლის არჩევნების დროს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას შეძლებენ, მთავარია არჩევნებზე მივიდნენ.
საბოლოო ჯამში ამ პროცესის შემდეგ მე შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მკაფიო, მარტივი, შემიძლია ვთქვა, პრიმიტიული მოთხოვნა დავაყენო - მეგობრებო გამოვაქვეყნოთ ყველა გამოუქვეყნებელი განკარგულება და მეორე - მოუთმენლად ველოდები დღევანდელი ადმინისტრაციის ღიაობის ხარისხს. ამას მშვიდად და ყურადღებით დავაკვირდები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „ქართული ოცნებაში“ მეტი გუნდურობა რომ ყოფილიყო, ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ.
„ოცნებაში ცოტა მეტი გუნდურობა და პატივისცემა რომ იყოს და ერთმანეთს უფრო მეტად უფრთხილდებოდნენ ამ სისულელეს რაც ახლა გააკეთეს, ასეთი ფორმით მაინც არ გააკეთებენ“, - აცხადებს გახარია.
კითხვას - დაუშვა თუ არა ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ შეცდომა, გიორგი გახარია ასე პასუხობს: „ეს შეცდომა კი არ იყო, ეს მათი მხრიდან იყო ჟინი ერთმანეთის თან დაჩაგვრის და თან ჩაშვების, რომლითაც ჩვენ ყველას - საქართველოს მოქალაქეს დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს და ახლა ამ ჩიხიდან გამოსავალი თავად უნდა იპოვონ. მე და თქვენ რატომ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე. ფაქტია, რომ ადამიანებმა თქვეს, რომ დღეიდან ყველაფერს გამოაქვეყნებდნენ. მე ვითხოვ მარტივად - გამოაქვეყნეთ ყველაფერი. ამის შემდეგ თუ არ გამოქვეყნდება ერთი განკარგულება მაინც, დღევანდელი ადმინისტრაცია და ივანიშვილი ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც იმ განკარგულებებშია. როგორ აპირებენ ამის შემდეგ ამ არჩევნების მოგებას, ან თავის გადარჩენას, მე ძალიან მაინტერესებს. დაველოდები სიამოვნებით“.
ცნობისთვის, 3-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მთავრობამ 13 თებერვალს პირველი განკარგულება გამოაქვეყნა. დოკუმენტების მიღების გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის მთავრობამ 12 თებერვალს მიიღო. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს თავად ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაა.
მთავრობას მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების გასაჯაროებისკენ წლების განმავლობაში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებდა.
მთავრობის განკარგულებები ძირითადად სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის პრივატიზაციებს, მიწის სიმბოლურ ფასად გადაცემებს, საპრივატიზაციო ვალდებულებებში ცვლილებების შეტანას, სასესხო ხელშეკრულებებს და მათ მოდიფიკაციებს, ასევე სხვა მრავალ საკითხებს შეეხება.
საქართველოს მთავრობა თითქმის სამი წელია განკარგულებებს აღარ აქვეყნებდა, ბოლო გამოქვეყნებული განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდებოდა. რაც გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდს ემთხვევა.
საქართველოს მთავრობის რეგლამენტი მთავრობის ადმინისტრაციას პირდაპირ ავალდებულებს, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე მაქსიმუმ სამ დღეში ატვირთოს.